“პუტინის გამარჯვება წააქეზებს ჩინეთის, ირანის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს”- სტოლტენბერგი ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდება, რათა განიხილონ უკრაინის მხარდაჭერის საკითხი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდება, რათა განიხილონ უკრაინის მხარდაჭერის საკითხი. ამის შესახებ მან აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას განაცხადა.

„შევხვდები კონგრესის წევრებს. რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველი მათთან შეხვედრას. ჩვენ ერთად განვიხილავთ უკრაინის მხარდაჭერის საკითხს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ ნატოს ყველა წევრი, განსაკუთრებით კი აშშ, გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რადგან ეს ალიანსის უსაფრთხოების ინტერესებში შედის.

„პუტინის გამარჯვება უკრაინელებისთვის ტრაგედია იქნება. პუტინის გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიო უფრო საშიში გახდება. პუტინის გამარჯვება წააქეზებს და სტიმულს მისცემს ისეთი ქვეყნების ლიდერებს როგორიც არის ირანის, ჩინეთის და ჩრდილოეთ კორეის მმართველებს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის განცხადებით, ახლა შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არსებითად მნიშვნელოვანია, რათა ბრძოლის ველზე პუტინი დამარცხდეს.