საქსტატი: 2023 წელს საქართველოში მშენებლობის 11 279 ნებართვა გაიცა

საქსტატი 2023 წელს მშენებლობაზე გაცემული ნებართვებისა და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

„ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წელს გაცემულია 11 279 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 4.2 პროცენტით მეტი) 9 379.2 ათასი კვ.მ ფართობის შენობანაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 26.4 პროცენტით მეტი). ნებართვების 73.7 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 49.7 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 8.9 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.4 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე და 6.7 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე.

2023 წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 3 293.2 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 23.7 პროცენტით მეტი) 3 182 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 19.9 პროცენტით მეტი). ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 33.1 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 13.1 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 12.0 პროცენტი – კახეთის რეგიონზე და 8.5 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.