ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა ავღანეთის „თალიბების“ მთავრობის ელჩისგან, ბილალ ქარიმისგან რწმუნებათა სიგელები მიიღო. ეს ჩინეთის მიერ ავღანელი „თალიბების“ ხელისუფლების აღიარებას ნიშნავს. ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.
„ჩინეთმა სხვებზე ადრე გაიგო ის, რაც ჯერ დანარჩენმა სამყარომ ვერ გაიგო“, – დაწერა სოციალურ ქსელში X „თალიბანის“ წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა. მან ანალოგიური გადაწყვეტილებების მიღებისკენ რუსეთს, ირანს და სხვა ქვეყნებს მოუწოდა.
სი ძინპინმა ავღანეთის და კიდევ 40 ქვეყნის ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პეკინი
მათთან მეგობრობისკენ და მომგებიანი თანამშრომლობისკენ მიისწრაფვის.
ჩინეთის მიერ „თალიბანის“ ხელისუფლების აღიარების მიუხედავად, ის სერიოზულ იზოლაციაში რჩება. ავღანეთის დღევანდელი ხელისუფლება არც ერთმა მსხვილმა ქვეყანამ არ აღიარა, ასევე მას გაეროში წარმომადგენლობის გახსნაზე უარს ეუბნებიან.
აშშ-მა და ევროპის ქვეყნებმა „თალიბანის“ ხელისუფლების წინააღმდეგ ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები დააწესეს. ავღანეთის დღევანდელ ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც განაცხადა, რომ მოსკოვს „თალიბანი“ პოლიტიკური მიზეზებით და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო არ უღიარებია. ამასთანავე, რუსეთის, ირანის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის საელჩო ქაბულში კვლავ ფუნქციონირებს.