ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იორდანიის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, ერაყსა და სირიაში, ირანთან დაკავშირებულ სამიზნეებზე იერიშები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დარტყმები შორ დისტანციაზე მოქმედი B-1-ის ტიპის ბომბდამშენების გამოყენებით ხორციელდება.
„ეს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირველი პასუხია ირანის მიერ მხარდაჭერილ მებრძოლთა თავდასხმაზე. უახლოეს დღეებში, აშშ-დან მეტი სამხედრო ოპერაციაა მოსალოდნელი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც აშშ-ის ცენტრალური სარდლობაში აცხადებენ, სირიასა და ერაყში ავიაიერიშები განხორციელდა 85 სამიზნე ობიექტზე, როგორებიცაა სამეთაურო, საკონტროლო და სადაზვერვო ცენტრები.
ამ ეტაპზე, აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად ირანის მიერ მხარდამჭერი 13 მებრძოლის დაღუპვის შესახებ ვრცელდება ცნობები.
ამერიკის საპასუხო იერიშებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა ქვეყნის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
„ჩვენ, პასუხის გაცემა დღეს დავიწყეთ. ეს პასუხი იმ დროსა და ადგილას გაგრძელდება, რომელსაც თავად ავირჩევთ“, – ამბობს ბაიდენი.
შეგახსენებთ, იორდანიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად 40-მდე ამერიკელი სამხედრო დაშავდა, სამი კი დაიღუპა. აშშ მომხდარში ირანის მიერ მხარდაჭერილი რადიკალი მებრძოლების ჯგუფს ადანაშაულებს.