“ის გამწარებული თაობა მოტრიალდება და შენს შვილს წაართმევს, რაც აქვს!” – უპოვარი, უმისამართო ადამიანები თბილისში ელემენტარულ შველას ითხოვენ

85 ოჯახი უკვე მე-5 წელია, თბილისში, გოგიაშვილის 12 ნომერში, მიტოვებულ შენობაშია შესახლებული. 500-მდე მაცხოვრებელთაგან, უმრავლესობა სოციალურად დაუცველია და წასასვლელი არსად აქვს. სახელმწიფო მათ უარს ეუბნება შუქისა და გაზის შეყვანაზე, რის გამოც ცხოვრება გაუსაძლისია, განსაკუთრებით იმ ოჯახებისთვის, ვისაც ბავშვები და ავადმყოფები ჰყავს. 2021 წელს, მოქალაქეებმა საბურთალოს გამგეობისგან მიიღეს წერილი, რომლის თანახმადაც შენობა თბილისის მერიის ბალანსზე ირიცხებოდა. მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა მოამზადეს შესაბამისი საბუთები, რათა ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად ოფიციალურად მიემართათ შესაბამისი უწყებებისთვის, თბილისის მერიაში მათ განუცხადეს, რომ შენობა კერძო საკუთრებაა.