გუშინდელი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, როდესაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფარდა ახადა უყრაინიდან საქართველოში, ტერორიზმის მიზნით, ფარულად შემოტანილ ასაფეთქებელ ნივთიერებებთან დაკავშირებულ დეტალებს, კიევის რეჟიმის დიპლომატიური უწყება, რომელიც თბილისშია წარმოდგენილი, შემდეგ განცხადებას ავრცელებს:
„უკრაინის საელჩო ამოწმებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე გავრცელებულ ინფორმაციას, არკვევს ყველა გარემოებას, კერძოდ, როგორც ცნობილი გახდა, უკრაინის მოქალაქეების უკანონო საქმიანობაში ჩართულობასთან დაკავშირებით.
საელჩო იმედოვნებს, რომ ქართული მხარე ამ საქმის პოლიტიზებისგან თავს შეიკავებს.
გამოვხატავთ დაინტერესებას და მზადყოფნას კონსტრუქციული ურთიერთობისთვის სამართალდამცავ და საქართველოს სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან საქმის ყველა გარემოების ობიექტურად, მიუკერძოებლად და სრულყოფილად გარკვევისა და მისი რეალური ორგანიზატორების დადგენის მიზნით“.
დიპლომატიური ენიდან საყოფაცხოვრებო ენაზე ეს ნაწერი ასე ითარგმნება:
საელჩო მიიჩნევს, რომ ტერორისტული განზრახვა დადასტურებული არ არის და უბრალოდ, უკანონო ქმედებები იკვეთება. ამასთან, უკრაინული მხარე ქართულ მხარესთან მხოლოდ იმ ფარგლებში ითანამშრომლებს, რათა დადგინდეს, რომ ზელენსკის პარტიის წევრი, წარმოშობით ბათუმელი შარაშიძე უდანაშაულოა, ხოლო ქართული მხარე რუსეთის პროვოკაციაზეა წამოგებული.
ამ ქვეტექსტს პრემიერობის კანდიდატი, ირაკლი კობახიძე, კარგად მიხვდა და შესაბამისი მკაცრი განცხადება გააკეთა:
„პოლიტიზირება არაფერ შუაშია, საფრთხეს უქმნიდნენ ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. რა შუაშია, აქ პოლიტიზირება? ქვეყნის უსაფრთხოებაც პოლიტიკური საკითხია, მაგრამ პოლიტიზირება არაფერ შუაშია. ელჩი რომ ჰყოლოდა უკრაინას საქართველოში, ასეთ განცხადებას ალბათ, არ გააკეთებდნენ… როცა ვიღაც ცდილობს ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით საქართველო რუსეთის აგრესიის სამიზნედ აქციოს, ეს ძალიან მძიმე მოვლენა და ძალიან შემაშფოთებელია. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რასაც პრინციპში, ღიად ამბობდნენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომ მათ სურდათ და ალბათ, დღესაც სურთ მეორე ფრონტი ჩვენს ქვეყანაში. ასეთი ფაქტები რაც ვიხილეთ, რაც სუს-ის მხრიდან გამომჟღავნდა, ამ ყველაფრის მორიგი დადასტურებაა“, – განაცხადა კობახიძემ.