ცნობილ ამერიკელ ჟურნალისტს ტაკერ კარლსონს, შესაძლოა, ევროპაში სანქციები დაუწესონ, ვინაიდან ვლადიმირ პუტინისგან ინტერვიუ აიღო

ამერიკელი ჟურნალისტს ტაკერ კარლსონს, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტისგან ვლადიმირ პუტინისგან ინტერვიუ აიღო, შესაძლოა, ევროპაში სანქციები დაუწესდეს, მათ შორის შეეზღუდოს გადაადგილება ევროპულ ქვეყნებში. ამის შესახებ ინფორმაციას dailymail.co.uk ავრცელებს.

კრემლმა 7 თებერვალს ოფიციალურად დაადასტურა, რომ ტაკერ კარლსონმა ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუ ჩაწერა. ბოლო პერიოდში ეს პუტინის პირველი ინტერვიუა დასავლელი ჟურნალისტისთვის.

კარლსონმა ჯერ კიდევ 6 თებერვალს ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ მოსკოვში იმყოფება და პუტინისგან ინტერვიუს ასაღებად ემზადება.

ბელგიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გი ვერხოფშტადტმა Newsweek-ს განუცხადა, რომ ვინაიდან პუტინი სამხედრო დამნაშავეა, აუცილებელია კარლსონის წინააღმდეგ გამოძიების ჩატარება. გამოძიებას ამ შემთხვევაში საგარეო კავშირების ევროპული სამსახური ატარებს, რომელიც, ფაქტობრივად, ამ ბლოკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმოადგენს.

მან ასევე კარლსონს დონალდ ტრამპის აზრების გამხმოვანებელი უწოდა. ტრამპს, მისი პროკრემლისტური აზრების გამო, უკვე დიდი ხანია აკრიტიკებენ.

პუტინმა საერთაშორისო მედიასთან კონტაქტები მნიშვნელოვნად შეამცირა უკრაინაში 2022 წლის თებერვალში ომის დაწყების შემდეგ.

ვერხოფშტადტმა ასევე დაწერა X-ში, რომ ნამდვილი ჟურნალისტები რუსეთში ან ციხეში სხედან ან გაქცეულები არიან.

„კარლსონი არის პუტინის რუპორი და ყველაფრის იმის მტერი, რასაც აშშ მხარს უჭერს – არც მეტი, არც ნაკლები“ – განაცხადა მან.

„გლობალისტი ნაძირლები ევროკავშირიდან ცდილობენ აიძულონ ილონ მასკს, რომ სოციალურ ქსელებში ცენზურა დააწესოს. ახლა კი ისინი ტაკერ კარლსონს ესხმიან თავს, ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ სიტყვის თავისუფლებისთვის“, – განაცხადა ანალიტიკოსმა ალექს ჯონსმა.

„ის ფაქტი, რომ ევროკავშირი პუტინთან ინტერვიუს გამო ტაკერ კარლსონის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აპირებს, ადასტურებს, რომ ყველაფერი, რასაც ისინი უკრაინის შესახებ  ამბობდნენ, სიცრუეა“, – განაცხადა კომენტატორმა კენდის ოუენსმა.

„მე რამდენადაც ვიცი, აშშ-ის ხელისუფლებაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც იგივეს გაკეთებას აპირებენ, რასაც ევროკავშირი აკეთებს. ისინი გაგიჟდნენ იმის გამო, რომ ტაკერ კარლსონმა პუტინთან ინტერვიუს ჩაწერა გაბედა“, – დაწერა X-ში მიმომხილველმა და ადვოკატმა ფილ ჰოლოუეიმა.

კარლსონმა განაცხადა, რომ დასავლელმა ჟურნალისტებმა აქამდე თავი არ შეიწუხეს და რუსეთის პრეზიდენტისგან, ვლადიმერ პუტინისგან ინტერვიუ არ აიღეს, ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ არაერთხელ მისცა ინტერვიუ დასავლურ მედიას.

ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კარლსონი ინტერვიუსთვის იმიტომ იყო შერჩეული, რომ მისი პოზიცია სხვა ინგლისურენოვანი მედიის პოზიციისგან განსხვავებულია. პესკოვმა თქვა, რომ კარლსონის მოსაზრება, თითქოს დასავლეთის მედიის არც ერთმა წარმომადგენელმა პუტინთან ინტერვიუს ჩაწერა არ სცადა, სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ მათი პოზიცია აშკარად ცალმხრივია, შესაბამისად, კრემლმა უარი უთხრა.

პესკოვის თქმით, კარლსონის პოზიცია არც პრორუსულია, არც პროუკრაინული, არამედ ის პროამერიკულია.

როგორც ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა ვლადიმერ სოლოვიოვმა განაცხადა, პუტინის მიერ ტაკერ კარლსონისთვის მიცემული ინტერვიუ დასავლურ მედიაში არსებულ ბლოკადას გაარღვევს. სოლოვიოვი ამბობს, რომ დასავლეთში კარლსონის ეშინიათ მისი განსხვავებული პოზიციის გამო.

ტაკერ კარლსონი Fox News-ზე 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა, სადაც ტოქშოუში ძირითადად, რუსეთის თემატიკას განიხილავდა. ის ტელეკომპანიიდან მიზეზების ახსნის გარეშე გასული წლის აპრილში გაუშვეს. მაშინ კარლსონმა განაცხადა, რომ საკუთარ ინტერნეტ-არხს ხსნის.