სპეციალური პროკურორი რობერტ ჰური, რომელიც ჯო ბაიდენის მიერ საიდუმლო დოკუმენტების არასათანადო მოპყრობის საქმეს იძიებს, აცხადებს, რომ პრეზიდენტს მეხსიერების პრობლემები აქვს.
მედიის ცნობით, სპეციალური პროკურორი რობერტ ჰური ბაიდენს გამოძიების ფარგლებში ხუთი საათის განმავლობაში ჰკითხავდა. 345-გვერდიან დოკუმენტში პროკურორი წერს, რომ ბაიდენს „მეხსიერებაში მნიშვნელოვანი შეზღუდვები აქვს და მან ვერ შეძლო გაეხსენებინა ვიცე-პრეზიდენტობის წლები ან ის წლები, როდესაც მისი შვილი გარდაიცვალა“.
პროკურორის განცხადებას უკვე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
„ჩემი მეხსიერება კარგია“, – აღნიშნა ბაიდენმა.
გარდა ამისა, მან უარყო განცხადება, რომ ვერ გაიხსენა, როდის გარდაიცვალა მისი შვილი.
„როდესაც მე დამისვეს კითხვა შვილთან დაკავშირებით, ვიფიქრე, ეს სხვისი საქმე არაა. მე არ მჭირდება შეხსენება, როდის გარდაიცვალა ჩემი შვილი. როგორ ბედავთ ამ საკითხის წამოწევას?“ – განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენის თქმით, გამოკითხვის დროს ის დაკავებული იყო საერთაშორისო კრიზისის მოგვარებით.
როგორც „ბიბისი“ წერს, ამავე პრესკონფერენციაზე, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი მეხსიერებასთან დაკავშირებულ პრობლემებს უარყოფდა, ბაიდენმა ეგვიპტის პრეზიდენტი აბდალ ფატაჰ ალ-სისი მექსიკის პრეზიდენტად მოიხსენია.
კითხვაზე, აიღო თუ არა პასუხისმგებლობა საკუთარ სახლში საიდუმლო დოკუმენტების შენახვაზე, ბაიდენმა თავისი თანამშრომლები დაადანაშაულა.
ბაიდენის თქმით, მან არ იცოდა, რომ დოკუმენტები მის ავტოფარეხში დადეს, სადაც, სპეცპროკურორის თქმით, ძაღლის საწოლის გვერდით იყო მოთავსებული.
სპეციალურმა პროკურორმა დაადგინა, რომ ბაიდენი არასათანადოდ მოეპყრო საიდუმლო დოკუმენტებს, მაგრამ მის წინააღმდეგ ბრალის წაყენებაზე უარი თქვა. საუბარია დოკუმენტებზე, რომლებიც ავღანეთს ეხებოდა და რომლებიც ბაიდენს ვიცე-პრეზიდენტობის შემდეგ ჰქონდა შენახული.
სპეციალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ „ბაიდენისთვის ბრალის წაყენება რთული იქნება, რადგანაც დიდი ალბათობით სასამართლოზე ის თავს წარმოადგენს, ისე როგორც ეს გააკეთა განოკითხვაზე, სიმპათიურ, კეთილგანწყობილ და ცუდი მეხსიერები მქონე ხანდაზმულ მამაკაცად“.
ცნობისთვის, საიდუმლო დოკუმენტები დელავერის შტატში ბაიდენის სახლის ჩხრეკის დროს გასული წლის იანვარში იპოვეს. მათი ნაწილი ბაიდენის სენატორობის პერიოდს მიეკუთვნება, ნაწილი კი – ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდს. დოკუმენტები მოგვიანებით ეროვნულ არქივსა და იუსტიციის დეპარტამენტს გადასცეს.