სკანდალური ინტერვიუ სოცმუშაკთან – რა სქემით წაართმევენ ბავშვებს ოჯახებს

ხელვაჩაურის რაიონიდან, ფუტკარაძეების ოჯახს, ერთი წლის წინ, კანონის ძალით, სოციალური სამსახურის თანამშრომლებმა 9 შვილი წაართვა. ცხრავე წაიყვანეს და მშობლები შვილების გარეშე დატოვეს. მიზეზთა გამო, ეს თემა ამ დღეებში გააქტიურდა და საზოგადოებრივი ზეწოლის შემდეგ, ოჯახს ბავშვები დაუბრუნეს. საპატრიარქომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის და მოსაყდრე შიოს უშუალო ჩარევით ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხილნარში მცხოვრებ ფუტკარაძეების ოჯახს სოციალური სამსახურის მიერ ჩამორთმეული ბავშვები დაუბრუნეს“.

კი, ბატონო, საპატრიარქო, მეუფე შიო ჩაერივნენ ამ ამბავში, პატრიარქიც საქმის კურსში იყო და  მეუფე შიოს, სოციალურ სამსახურთან მოლაპარაკება მან დაავალა. თუმცა, გადამწყვეტი საზოგადოების აღშფოთება და ზეწოლა იყო ხელისუფლებაზე. საპატრიარქომ მხოლოდ ამის შემდეგ გაიზიარა ხალხის მოთხოვნა, საქმეში ჩაერია და ეს საქმეც ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა. ბავშვები „უივენალური იუსტიციის“ საფუძველზე მიღებული კანონებით წაართვეს ოჯახს. ფუტკარაძეები ოჯახს, შარშან  შვილები იმიტომ წაართვეს, რომ ბავშვები მათთვის შესაფერის გარემოში არ ცხოვრობდნენო.  ეს იყო მთავარი მიზეზი და  ამას აკეთებს სახელმწიფო სტრუქტურა. არადა, ფუტკარაძეები და ათასობით ოჯახი, შვილებს ვერც სათანადოდ კვებავს, ვერც ჯანდაცვის, განათლების მიღების და სხვა უამრავ საკითხს უგვარებს და ეს სახელმწიფოს ბრალია და არა ამ ოჯახებისა. ახლა, ნარკომან, ალკოჰოლიკ, შვილებზე მოძალადე მშობლებს ეს შვილები რომ წაჰგვარო და მათზე სახელმწიფომ იზრუნოს, ეს გასაგებია. თუმცა, ეს ჟურნალია. მრავალსეზონიანი სერიალი წინ გველის. 1–ლი სექტემბრიდან სრულად ამოქმედდება 2019 წელს, პარლამენტის მიერ მიღებული „ბავშვთა კოდექსი“, რომლის რამდენიმე მუხლი უკვე მოქმედებაშია. ერთადერთი სიკეთე და სიახლე, რაც ამ კოდექსშია, ის  გახლავთ, რომ სოციალურ აგენტს დამოუკიდებლად, საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე, ერთპიროვნულად აღარ შეეძლება ოჯახისთვის ბავშვის წართმევა და მისი პრეტენზიები მშობლების თუ მშობლის მიმართ, სასამართლომ უნდა გაიზიაროს, სასამართლო გადაწყვეტს საბოლოოდ, ვის უნდა წაჰგვარონ შვილები და ვის – არა. თუმცა, გადამწყვეტი მაინც სოცაგენტის დასკვნა იქნება ოჯახისა და ბავშვის შესახებ. ეს ხალხის მოტყუება, თვალში ნაცრის შეყრაა და მეტი არაფერი.


„ბავშვთა კოდექსის“ სრულად ამოქმედებისთვის, რამდენიმე ათეულ სოციალურ აგენტს ამზადებს ხელისუფლება. მათგან საუკეთესოებს შეარჩევს და ისინი მიხედავენ იმ ბავშვებს, რომელთა მიმართაც სხვა და სხვა სახის ძალადობა ხორციელდება ოჯახებში. ძალადობის ერთ–ერთ სახეობად სიღატაკე ითვლება. რა კატეგორიის ხალხს ამზადებენ, როგორ ამზადებენ და რა მიზნით, ამის შესახებ „ალიას“ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი ესაუბრა. მან ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინა, რადგან მისივე თქმით, თუ მისი ვინაობა გამოაშკარავდა, მხოლოდ სამსახურის დატოვებას არ აკმარებენ მას და მის ოჯახის წევრებს და მისი დევნა დაიწყება:

 

– მეოთხე წელია ვმუშაობ სოციალური მომსახურების სააგენტოში. სოცაგენტად 1 წელი ვიმუშავე, ვეღარ გავუძელი ამდენი გაუბედურებული ხალხის, ლამის ყოველდღიურ ყურებას, მათ მოთქმა–ვედრებას და სხვა პოზიციაზე გადავედი. რა ვქნა, არ მეყო ნერვები, იმ ერთ წელიწადში ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად შემერყა. ამჟამად,  რამდენიმე ათეული ადამიანის გადამზადება მიმდინარეობს სოცაგენტებად, „ბავშვთა კოდექსის“ ამუშავებამდე. ზოგი სააგენტოს თანამშრომელია, უკვე მუშაობს აგენტად, ზოგი არ მუშაობდა და განაცხადი  ახლა შემოიტანა.

ამ ხალხს მარტო კანონებს არ ასწავლიან. პირდაპირ გეტყვით, ამზადებენ „ზონდერებს“, რომლების ოჯახებიდან შეუბრალებლად წამოიყვანენ ბავშვებს და სასამართლოსთვის ისეთ დასკვნას დასდებს, რომ მშობლებს სასამართლოს გზით შვილების დაბრუნების შანსი არ ექნებათ. თუ აგენტი ჩათვლის, რომ ბავშვის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, შეუძლია ბავშვის წამოყვანა დროებით თავშესაფარში და შემდეგ სასამართლო გადაწყვეტს, დაუბრუნებს თუ არა მშობლებს  შვილებს. მოგახსენეთ, რომ მომავალ აგენტებს კანონებს ასწავლიან. ეს არ არის მთავარი, კანონს ყველა დაიზეპირებს და გამოიყენებს. გზა და გზა კიდევ დახვეწს ცოდნას. მთავარია, აგენტების ფსიქოლოგიური მომზადება. არჩევენ უკომპრომისო, დაუნდობელ აგენტებს, რომლებიც ყველანაირად ეცდებიან, მიზანში ამოღებულ ოჯახს წაართვან შვილები. საქართველოში ათასობით ღატაკი ოჯახია, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რომლებიც „ბავშვთა კოდექსშია“ გაწერილი. ყველა ბავშვს წაიყვანენ? არა, ცხადია. მათი სხვა ოჯახში გადაყვანა, მათი იმ ოჯახებში დაფინანსება ძალიან ძვირი დაჯდება და ეს თანხა არ აქვს სახელმწიფოს. შესაბამისად, ერთის მხრივ, იმ მშობლებს წაართმევენ შვილებს, ვინც მართლა ღირსი იქნება.

მეორე მხრივ კი, ბავშვების წართმევა იქნება დასჯისა და შურისძიების საშუალება. მშობელს შვილს რომ წაართმევ, უარესს ვეღარაფერს უზამ. რომელი მშობელი გაუძლებს ზეწოლას, შანტაჟს თუ შვილის წართმევით დაემუქრები? ვერავინ და ეს კანონი მშობლებზე ზემოქმედების ბერკეტი იქნება. არ მსურს პირდაპირ დავუკავშირო ეს საკითხი, მაგრამ ამგვარი შანტაჟით, მშობელს პოლიტიკური და ნებისმიერი მიზნებისთვის გამოიყენებენ. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, ძალიან ბევრი მშობელი ციხეში მოხვდება, ბევრი გაუწევს წინააღმდეგობას სოცაგენტს და  პოლიციას, ბევრი მშობელი არ დაუთმობს მათ შვილს და არა მხოლოდ ფიზიკურ წინააღმდეგობამდე მივა საქმე, მერწმუნეთ, მკვლელობებიც კი მოხდება. თავზეხელაღებულ მშობელზე სახიფათო არავინ არის. მით უფრო, თუ მის მხარეს „იუვენულარული სამართალი“ არა, მაგრამ მორალური კანონებია. ბევრს გაისტუმრებენ ციხეში აგენტებისა და პოლიციელებისთვის  წინააღმდეგობის გაწევისთვის, მათთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის და დამიჯერეთ, არაერთი მკვლელობა მოხდება.

ცოტა ხანში, ბავშვთა უფლებებზე მომუშავე სოციალური აგენტი, ყველაზე საძულველი პროფესია გახდება.  შურისძიება ვახსენე. სოცაგენტს ბავშვის წაყვანა, მისი მყისიერი საფრთხისგან გარიდება ევალება იმ შემთხვევაში, თუ ერთი  მეზობელი მაინც 112–ში დარეკავს და იტყვის, დავუშვათ, დაინახა, რომ დედამ სცემა ბავშვი, თავში ჩაარტყა,  ბავშვი სთხოვდა მაჭამეო და არ აჭამა დროულად, თუ დასაჯა, დავუშვათ, კუთხეში დააყენა არ ყური აუწია. კიდევ ბევრი რამ სწერია კოდექსში, მეზობლებს სხვის ოჯახებში ჩარევის უფლებას რომ აძლევს. რამდენი ადამიანი გაიმეტებს  მეზობელს? რამდენი დარეკავს და ტყუილად დააბეზღებს  იმ მეზობელს, რომელთანაც ცუდი ურთიერთობა აქვს? რაღაც აქვს სადაო და მტრად მიაჩნია? ძალიან ბევრი, რადგან ხალხი უსაშველოდ გაბოროტებულია. ლამის მთელი ქვეყანა დაბოღმილია. მერე მეზობელმა კი არ უნდა უმტკიცოს სოცაგენტს, რომ დედამ  შვილის ქეჩოში  წამოარტყა, დედამ უნდა უმტკიცოს ჯერ აგენტს, მერე სასამართლოს, რომ ასე არ მოქცეულა. სხვისი უბედურებით სიამოვნებას რომ ღებულობენ, სხვის საქმეებში რომ უყვართ ჩარევა, საკუთარი შვილები რომ ვერ გაუზრდიათ, საკუთარი ოჯახები რომ ვერ დაულაგებიათ და სხვისას ალაგებენ,  იმ  ხალხის დრო მოდის.  ამ კანონში უამრავი ნაღმის და თავის დროზე ყველა ნაღმი აუცილებლად აფეთქდება.“ – განუცხადა „ალიას“  წყარომ.

მისი თქმით, ვიდრე სოცაგენტებს გადაამზადებდნენ, მათ შეავსებინეს კითხვარი და მხოლოდ ამ კითხვარის პასუხების მიხედვით შეარჩიეს ის აგენტები, რომლებიც ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით იმუშავებენ.  შესაბამისად, უშუალოდ მიიღებენ ოჯახებიდან ბავშვების წამოყვანაში, მათ წამოსაყვანად საჭირო დასკვნის მომზადებაში. ამას  კი ტესტირება დაარქვეს. წყარო აცხადებს, რომ ყველა კითხვარს ფსიქოლოგები სწავლობენ, მათ არ იციან ვინ შეავსო კითხვარი. რეკომენდაციას აძლევენ ისეთ  ადამიანებს, ვისაც  ოჯახში ძალადობა აქვს გადატანილი, ვისაც მშობლები სცემდნენ, ვისაც ლოთი და ნარკომანი დედა ან მამა ჰყავდა, ანდა ორივენი. ამგვარი ბავშვები რომ იზრდებიან, უმეტესობას კომპლექსები მოჰყვება. ოჯახი, ოჯახური ცხოვრება ეჯავრება. ყველგან ბავშვის ჩაგვრა და ბავშვზე ძალადობა ელანდებათ. არ სცილდებათ ის განცდა, რომელშიც თავად გაიზარდნენ. რაღა თქმა უნდა, ასეთები არ დაინდობენ მშობლებს უმნიშვნელო შეცდომის გამო, ბუზს სპილოდ აქცევენ და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ბავშვებს წაართვან მშობლები, ისინი ამით ბავშვებზე კი არ ზრუნავენ? არა, ეს ქვეცნობიერად საკუთარ მშობლებზე შურისძიებაა. თავად ვერ ხვდებიან და ამით, საკუთარ ბავშვობაში ბრუნდებიან, საკუთარ მშობლებს ართმევენ საკუთარ თავს და ამით ამწარებენ. ეს კი მათ უდიდეს სიამოვნებას გვრის. ხომ გსმენიათ, ბავშვობაში დედიკოს ბიჭებს „ძველი ბიჭები“ რომ ჩაგრავენ და მერე, ეს ბიჭები პოლიციაში იწყებენ მუშაობას, რათა შური იძიონ მთელ კრიმინალურ სამყაროზე.

რეალურად კი, ეს არის შურისძიება მათი უღიმღამო ბავშვობის გამო, შურისძიებაა იმ ბიჭებზე, ვინც მათ ჩაგრავდა, ვის გამოც შიშით სახლიდან უბანში გამოსვლისა რომ ეშინოდათ. დაახლოებით ამგვარი ამბავია აქაც. ამ კომპლექსიანი ხალხის ბავშთა უფლებების დაცვის კუთხით მუშაობა არ შეიძლება, რადგან ისინი ბევრ მშობელს უსამართლოდ ჩამოართმევენ შვილებს. სასამართლო? საქალაქო სასამართლოში მოსამართლეებს უკვე გაუგზავნეს მესიჯი, რომ დავები გადაწყდეს სახელმწიფოს სასარგებლოდ. მოსამართლეებს რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებენ. ცხადია, ეს ყველაფერი ხდება ოჯახის ინსტიტუტის საფუძვლის მოსაშლელად, ეს შორსმიმავალი და  მიზანმიმართული გეგმის ნაწილია. „ბავშვთა კოდექსი“ გაერო–ს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით მიიღო საქართველოს პარლამენტმა. მეორე უარყოფითი შედეგი კი ჩვენთვის ის იქნება, რომ კატასტროფულად გაუარესდება დემოგრაფიული მდგომარეობა. მშობლები ბევრ  შვილს აღარ იყოლიებენ, რადგან ეცოდინებათ, თუ მათ კანონით განსაზღვრული პირობები არ შეუქმნეს, წაართმევენ. ისედაც მცირერიცხოვანი საქართველოსთვის, ეს კატასტროფაა. აქვე ვიტყვი, იმ ბავშვობაში ჩარჩენილ აგენტებთან ერთად, არაერთი წესიერი ადამიანი იმუშავებს აგენტად, ზოგს პირადად ვიცნობ. მათ დაავალებენ ბევრ ისეთ რაიმეს, რისი აღსრულებაც მათ ზნეობას ეწინააღმდეგება. ვფიქრობ, ბევრი მათგანი მიატოვებს სამსახურს, ბევრი გამოცდილი და გულისხმიერი აგენტი. მათ კი ახალი „ზონდერები“ ჩაანაცვლებენ. თუმცა, ბევრი შეეგუება რეალობას სამსახურის დაკარგის შიშით. ბევრი სხვისი გაუბედურების ხარჯზე, სხვა მშობლებისთვის შვილების წართმევისთვის აღებულ ხელფასს ოჯახში მიიტანენ და შვილებს ტკბილეულს უყიდიან.

ამ საქმის მოთავეებმა, უკვე წინასწარ იციან, რომ ბავშვთა ოჯახებიდან წაგლეჯვას დიდი ამბები მოგყვება. „ბავშვთა კოდექსის“ საფუძველზე აპირებენ, საკანონმდებლო აქტის მიღებას, რომლის თანახმადაც, თუკი ოჯახიდან ბავშვი იქნება წამოსაყვანი, სოცაგენტთან და საპატრულო პოლიციასთან ერთად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიყვანაც აუცილებელი უნდა იყოს. გესმით? ასეულობით ადამიანი გამოასახლეს ბანკებმა და კერძო მევახშეებმა სახლებიდან და აღსრულების ეროვნულ ბიუროს აზრად არ მოსვლია, ამის გაკეთება მოეთხოვა შესაბამისი სტრუქტურებისთვის. თუ ვინმე ცუდად ხდებოდა, მაშინ იძახებდნენ სასწრაფო დახმარებას. ახლა კი იციან, რომ უფრო დიდ საშინელებას აპირებენ და თადარიგს იჭერენ. მშობლისთვის შვილის  წართმევაზე დიდი საშინელება და უღმერთობა აღარაფერია და ბევრ მშობელს დასჭირდება სასწრაფო სამედიცინო დახმარება. მარტო მშობლებს? ბებია–ბაბუას? რამდენ ასაკოვან ბებიას, ბაბუას გაუსკდება გული, დაემართება ინსულტი, როდესაც მის შვილიშვილს წაიყვანენ?  რამდენი იქნება უკვე დაავადებული და შესაძლოა, ხელში ჩააკვდნენ ექიმებს? ამას დაამატეთ სტრესით გამოწვეული დაავადებები, რისთვისაც ამ ხალხს იმეტებენ, ბავშვებს, მშობლებს და ბებია–ბაბუებს, დიაბეტი და ამგვარი ვერაგი დაავადებები. ეს ყველაფერი არის ფსიქოპათების გონებაში მოხარშული სისასტიკე და მას საქართველოში არსებული ხელისუფლება ანხორციელებს, – განუცხადა „ალიას“წყარომ.

“ალია”