შავი ჭირი შეიძლება წარსულთან ასოცირდება, მაგრამ ამ დაავადების გამომწვევი ბაქტერია კიდევ არსებობს და მსოფლიოში ყოველწლიურად ათასობით ადამიანს აინფიცირებს; აშშ-ში მისი შემთხვევები შედარებით იშვიათია.
ორეგონის შტატში შავი ჭირის შემთხვევა ბოლო რვა წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა; ოფიციალურ უწყებათა განცხადებით, დაავადება ადამიანზე სავარაუდოდ შინაური კატისგან გადავიდა, რომელსაც ასევე ჰქონდა სიმპტომები.
ორეგონის ჯანდაცვის ოფიცრის, რიჩარდ ფაუსეტის განცხადებით, პაციენტი, რომელსაც შავი ჭირი კატისგან გადაედო, ძალიან ცუდად გახდა.
როგორც წესი, ამ სახის ინფექციები გრიპის მსგავსი სიმპტომებით იწყება, აღენიშნებათ დაღლილობა, ცხელება, შემცივნება და თავის ტკივილი.
თუმცა, ორეგონში დაფიქსირებული შემთხვევა ჩირქოვან გროვებამდე, ე. წ. ბუბონებდამდე პროგრესირდა, რაც დღესდღეობით იშვიათია.
საბედნიეროდ, თანამედროვე ანტიბიოტიკების წყალობით, ბუბონური შავი ჭირი სასიკვდილო განაჩენი აღარ არის. ინფექციის გამომწვევი ბაქტერია Yersinia pestis-ი იშვიათად ხდება ფატალური, თუ მისი დაფიქსირება და მკურნალობა დროულად მოხერხდა.
ორეგონელი პაციენტი თანამედროვე პრეპარატებით მკურნალობაზე კარგად რეაგირებს; ინფექციის გავრცელების შესაძლებლობის შეკავების მიზნით, მკურნალობენ მის კონტაქტებსაც.
ოფიციალური უწყებები არ ამბობენ, როგორ გავრცელდა ინფექცია კატიდან პატრონზე, მაგრამ თუ კატას ინფიცირებულმა რწყილებმა უკბინეს, ის რწყილები მან შეიძლება სახლშიც მიიყვანა და პატრონს გადასდო. ასევე შესაძლებელია, პატრონს კონტაქტი ჰქონოდა კატის ინფიცირებულ სითხეებთან.