უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი, მონაკოში, ერთ-ერთ კაზინოსთან შენიშნეს. ის უცხო კაცთან ერთად სეირნობდა. ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.
არესტოვიჩმა დაინახა, რომ მას უღებდნენ და უკმაყოფილება გამოთქვა. „ნებართვის გარეშე გადაღება აკრძალულია“, – უთხრა მან „უკრაინსკაია პრავდას“ ჟურნალისტს.
როგორც „უნიანი“ იუწყება, არესტოვიჩმა უკრაინა 2023 წლის 4 სექტემბერს დატოვა. სააგენტოს ცნობით, მან საზღვარი უკრაინის დაზვერვის წერილის მეშვეობით გადაკვეთა. უკრაინის წინააღმდეგ 2022 წელს რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ არესტოვიჩმა უკრაინა რამდენჯერმე დატოვა, მაგრამ ყოველთვის უკან ბრუნდებოდა.
უკრაინის დაზვერვაში ეს ინფორმაცია უარყვეს და განაცხადეს, რომ ალექსეი არესტოვიჩისთვის არანაირი წერილი ან რამე სხვა საბუთი არ მიუციათ.
უკრაინიდან წასვლამდე ალექსეი არესტოვიჩმა რამდენიმე სკანდალური განცხადება გააკეთა. კერძოდ, ის უკრაინასა და რუსეთს შორის ზავის გაფორმების ინიციატივით გამოვიდა და ასევე დასავლეთის წინააღმდეგ უკრაინის და რუსეთის კოლექტიური სარჩელის შეტანის იდეა გააჟღერა.