„მართალია მოდური არაა ხელისუფლების გაკეთებული კარგი საქმის „გაპიარება“, მაგრამ…“ – რას წერს ბერდია კალანდია

ჟურნალისტი ბერდია კალანდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას წალენჯიხაში გახსნილ დიალიზის ცენტრის შესახებ ამცნობს.

მისი თქმით,  ხელისუფლებამ  ხალხის აზრი გაითვალისწინა და მათ საჭიროებებზე იზრუნა.

„წალენჯიხაში დიალიზის ცენტრი გაიხსნა – ამ ინფორმაციამ ყველა წალენჯიხელი გაახარა. ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ხელისუფლების მომხრეა და ვინ – ოპოზიციის, მთავარია, ხალხის აზრი გაითვალისწინონ და მათ საჭიროებებზე იზრუნონ.

ყოფილი პრემიერის მხარდაჭერით და ინიციატივით, წალენჯიხაში დიალიზის გაკეთება გახდა შესაძლებელი, ანუ პაციენტებს, რომლებიც „დიალეზზე არიან”, ზუგდიდში წასვლა აღარ მოუწევთ.

გასათვალისწინებელია, რომ დიალიზზე მყოფებს ერთი პროცედურის ჩასატარებლად ზუგდიდში წასვლა-წამოსვლა, მინიმუმ, 25-35 ლარი უჯდებოდათ. ეს თანხა ერთი შეხედვით, ცოტაა, მაგრამ ქვეყანაში არსებული სოციალური ვითარების გათვალისწინებით, 35 ლარი რიგითი მოქალაქისთვის ძალიან ბევრია, თან, თუ დიალეზის პროცედურას კვირაში რამდენჯერმე საჭიროებს.

ფაქტია, რომ ერთი პაციენტი, სიცოცხლისთვის უმნიშვნელოვანესი სამედიცინო პროცედურის ჩატარებისას, კვირაში მინიმუმ, 100 ლარს დაზოგავს, რადგან პაციენტები, დიალიზის პროცედურის ღირებულებისას, დამატებით ხარჯებს აიცილებენ თავიდან.

ცნობისთვის, წალენჯიხაში გახსნილი დიალიზის ცენტრით, გარდა ადგილობრივებისა, წალენჯიხის მეზობელი მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებიც ისარგებლებენ!

მართალია, დღეს მოდური არაა ხელისუფლების მიერ კარგი საქმის “გაპიარება”, მაგრამ მედიის მოვალეობა რეალობის ასახვაა. ჰოდა, რეალობა ის არის, რომ ყოფილი პრემიერისა და დეპუტატ ირაკლი ზარქუა ხელშეწყობით წალენჯიხაში დიალიზის ცენტრი გაიხსნა და ამით მოსახლეობის ნაწილს, საუბარია 30 ადამიანზე, სერიოზული პრობლემა მოუგვარდება.

მართალია, ზარქუა წალენჯიხის მაჟორიტარი არ არის და უშუალოდ ეს საქმე მას არ ეხებოდა, მაგრამ როგორც წალენჯიხელი, ყოფილ პრემიერს შეხვდა და დაარწმუნა, რომ წალენჯიხაში ცენტრის გახსნა აუცილებელი იყო.

წალენჯიხაში დიალეზის ცენტრი ოფიციალურად პარასკევს გაიხსნება.

ზოგადად კი, უპრიანი იქნება, რომ მსგავსი ცენტრები ყველა მუნიციპალურ ცენტრში გაიხსნას, რადგან ე.წ. თირკმლის უკმარისობიან პაციენტებს წინ და უკან სიარული აღარ მოუწევთ.

ასევე, რაკი, სურვილის შემთხვევაში, შეგვძლებია, რეანიმობილებიც აუცილებლად საჭიროა წალენჯიხაში და მეორეკლასელთა კვების დაფინანსების საკითხსაც თუ მიაქცევს ცენტრალური ხელისუფლება ყურადღებას, ეგეც არ იქნებოდა ურიგო.

აღვნიშნავ, რომ წალენჯიხის მერიამ რამდენჯერმე მოითხოვა მეორეკლასეთა კვების თანხა მთავრობისგან, მაგრამ პასუხად იგნორი მიიღო“, – წერს ბერდია კალანდია.