„გარდაცვლილი მამა გამომეცხადა, ხელი დამიქნია, გამიცინა და წავიდა… საავადმყოფოში ექიმი გადაირია…“ – რას ჰყვებოდა სოსო ჯაჭვლიანი უცნაური სიზმრის შესახებ

მსახიობი და სპორტსმენი, სოსო ჯაჭვლიანი დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს. მას უამრავი ადამიანი დაემშვიდობა. ერთ-ერთ ინტერვიუში ჟურნალ ,,სარკეს” სოსო ჯაჭვლიანმა ასეთი რამ უამბო:

„ისეთ სიზმრებს ვნახულობ, ყველა რომ ფურცელზე გადავიტანო, ტომეულები გამოვა. ხშირად ვხედავ მიცვალებულებს, რომლებსაც ვესაუბრები. სპიტაკის მიწისძვრის წინა ღამეს სიზმარში ვნახე, რომ ენგური შავი და ადიდებული მოდიოდა. ორივე ნაპირას კი ზეწარგადაფარებული ცხედრები ესვენა.

ერთხელ, საზღვარგარეთ შეჯიბრზე წასვლის წინ აგარაკზე წავედი. უცხოეთიდან 7 დღის შემდეგ დავბრუნდი და ისევ აგარაკზე წავედი. გიამ, ვინც ჩემს აგარაკს უვლის, მითხრა, ძაღლი კვდებაო. მაშინვე ვეტექიმთან წავიყვანეთ და აღმოჩნდა, რომ ცოფი სჭირდა. გიამ თქვა, ამასწინათ რომ იყავი, ძაღლმა შენს უმცროს ბიჭს თითზე უკბინაო. შეშინებულმა მთელი ოჯახი ავცერი და თავადაც ავიცერი. ხომ შეიძლებოდა უცხოეთიდან მალე არ ჩამოვსულიყავი და უბედურება მომხდარიყო? მაგრამ არ გვეწერა.

აცრის შემდეგ ბიძაშვილ ზურა ჯაჭვლიანთან ერთად აგარაკზე მივდიოდი. გზაზე ვიღაცას უნდა შევხვედროდით და მანქანა გლდანის ხიდის ქვეშ გავაჩერე, ცოტა ხანში დავქოქე და ხიდს მოვშორდი. ზურამ მისაყვედურა, ჩრდილში ვიდექით, რატომ გადააყენეო. ვუთხარი, ბიჭო, ხიდს რომ ვუყურებდი, მომეჩვენა, თითქოს ვარდებოდა-მეთქი. ამაზე ძალიან გაეცინა. მეორე დღეს წყალდიდობა მოხდა და ის ხიდი მართლაც ჩამოინგრა. სამწუხაროდ, მსხვერპლიც იყო.

აგარაკზე რომ ავედით, მიუხედავად იმისა, რომ აცრილი ვიყავი და დალევა არ შეიძლებოდა, ცოტა ალკოჰოლი მივიღე. იქიდან რომ ვბრუნდებოდით, მანქანაში ცუდად გავხდი. გარდაცვლილი მამა გამომეცხადა, ჩვენი ავტომობილის წინ გაიარა, ხელი დამიქნია, გამიცინა და წავიდა… საავადმყოფოში ექიმი გადაირია, აცრის შემდეგ ადამიანი ალკოჰოლს რომ იღებს, იღუპება და შენ როგორ გადარჩიო“ – ამბობდა ინტერვიუში სოსო ჯაჭვლიანი.

“სარკე”