“ერთადერთი, რის გამოც შეიძლება ვინანოთ არის ის, რომ ადრე არ დავიწყეთ აქტიური მოქმედებები უკრაინაში, რადგან გვჯეროდა, რომ საქმე გვქონდა წესიერ ადამიანებთან…”- რა განაცხადა ვლადიმირ პუტინმა

პუტინი ნანობს, რუსეთმა უკრაინაში აქტიური მოქმედებები უფრო ადრე რომ არ დაიწყო, – ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში გააკეთა.

პუტინის თქმით, რუსეთი ცდილობს შეწყვიტოს ომი უკრაინაში და რომ პირველ ეტაპზე მას ამის გაკეთება მშვიდობიანი გზით სურდა.

„ერთადერთი, რის გამოც შეიძლება ვინანოთ არის ის, რომ ადრე არ დავიწყეთ აქტიური მოქმედებები უკრაინაში, რადგან გვჯეროდა, რომ საქმე გვქონდა წესიერ ადამიანებთან“, – აღნიშნა პუტინმა.

როგორც პუტინი აღნიშნავს, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზეზი გახდა უკრაინის ხელისუფლების სრული უარი მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე.

მისი თქმით, მოსკოვი მოქმედებდა „გაეროს წესდების შესაბამისად“, როცა უკრაინას შეუტია.

„ომი ჩვენ არ დაგვიწყია, მხოლოდ მის შეჩერებას ვცდილობთ. პირველ ეტაპზე ეს მშვიდობიანი გზით, მინსკის შეთანხმებებით ვცადეთ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აქაც მოგვატყუეს“, – დასძინა პუტინმა.