დღევანდელ დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ შოვში, სადაც განვითარდა ეს მოვლენა, არავითარ შემთხვევაში, არანაირი ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა აღარ შეიძლება, – ამის შესახებ ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ შოვსა და სოფელ ნერგეეთში განვითარებული სტიქიური მოვლენების შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დასკვნაში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული, რა ქმედებებია კიდევ დამატებით გასაკეთებელი.
„ჩვენი ორგანიზაცია თავიდანვე ვიყავით ჩართული პროცესებში. ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ სამინისტროსთან და განსაკუთრებით სააგენტოსთან. შექმნილი იყო სპეციალური ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეიკრიბა. სააგენტომ საკმაოდ აქტიურად იმუშავა და ძალიან ბევრი გაკეთდა, რომ დასკვნა ყოფილიყო აბსოლუტურად სრულფასოვანი. დღეს ჩვენ ვიღებთ ისეთ დასკვნას, რომელიც ამბობს, რა მოვლენასთან გვქონდა საქმე, რადგან ჩვენ თავიდანვე ვამბობდით სპეციალისტებთან ერთად, ის მოვლენა, რაც განვითარდა შოვში, იყო უჩვეულო, პირველი და განსხვავებული. მე არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი მოვლენები კიდევ განვითარდება კავკასიონზე, როგორც არის პროგნოზირება. ვფიქრობთ, საკმაოდ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ახლა დადგა დრო, რა გავაკეთოთ, რათა არ განმეორდეს არც ბაღდათი, არც შოვი და განსაკუთრებით, არ გვქონდეს ასეთი ადამიანური მსხვერპლი. ჩვენ უნდა შევქმნათ ძალიან მძლავრი სისტემა სხვადასხვა მიმართულებით. ერთია კვლევები, რომელიც თავისთავად მიმდინარეობს, მაგრამ სავალდებულო კვლევები და დასკვნა, რომელსაც დადებს სპეციალისტი, უნდა იყოს აბსოლუტურად მკაფიო. დღევანდელ დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ შოვში, ამ ტერიტორიაზე, სადაც განვითარდა ეს მოვლება, არავითარ შემთხვევაში, არანაირი ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა აღარ შეიძლება. ანუ, ერთხელ და სამუდამოდ ქართველებმა უნდა მივეჩვიოთ, როცა ვამბობთ, რომ არ შეიძლება, ე.ი. არ შეიძლება. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეფასებაში და თვითონ დასკვნაში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული, როგორ, რა ქმედებები არის კიდევ დამატებით გასაკეთებელი. რამდენიმე თვით ადრე დამტკიცებული იყო შოვის განვითარების გეგმა. იურიდიულად, ფაქტობრივად დღესაც მოქმედია, ანუ დღესაც უნდა ვიგულისხმოთ და ვივარაუდოთ 13-სართულიანი შენობის აშენება იმ ტერიტორიაზე, სადაც მოხდა ეს მოვლენა, შესაძლებელია. იურიდიულად კი, მაგრამ ახლა, ამ დასკვნაში მკაფიოდ წერია, არ შეიძლება. რატომ? ეს პირდაპირ უჩვენებს, რომ კიდევ შესაძლებელია, ასეთივე ჩამოსვლა. ანუ, ზემოთ ისეთი გეოლოგიური პროცესებია, რომ შესაძლებელია, კიდევ მოხდეს ღვარცოფული ნაკადის ჩამოსვლა ამ გლობალური კლიმატის ფონზე. ძალიან მკაცრი ნორმაა, ამიტომ უნდა გაუქმდეს ამის საფუძველზე ის იურიდიული დოკუმენტი, რომელიც მიიღო საკრებულომ“, – განაცხადა ჩხობაძემ.
მისივე თქმით, წინასწარი პროგნოზირება ასეთი მოვლენების პრაქტიკულად შეუძლებელია და სამშენებლო ნორმები თუ არ გამკაცრდა, ვერანაირ პრევენციას ვერ მოვახდენთ.
„პრევენცია ასეთი ტიპის მოვლენებისა არის ერთადერთი, არ ააშენო იქ, სადაც არ შეიძლება. ანუ, ჩვენ თუ არ გავამკაცრეთ სამშენებლო ნორმები და წესები, ვერანაირ პრევენციას ვერ გავაკეთებთ. ვერ იმუშავებდა ვერც წინასწარი გაფრთხილების სისტემა. რვა წუთში რას მოასწრებთ?! ხმაური მოდის, შიშის ფაქტორია. რა გააკეთა ადამიანმა, შიშიდან გამომდინარე შევარდა სახლში, რომელიც წაიღო ღვარცოფმა. წინასწარი პროგნოზირება ასეთი მოვლენების კლიმატის ცვლილების ფონზე არის პრაქტიკულად შეუძლებელი. ჩვენ ვერ დავსვამთ ზუსტად წერტილს. ზონას როცა აცხადებენ და ამბობენ, რომ საფრთხე არის და საფრთხე იყო, უნდა მიექცეს ყურადღება, უნდა არსებობდეს სისტემა, რომელიც ამაზე რეაგირებს. სისტემა რომ გვქონოდა, ადგილობრივი ხელისუფლებიდან დაწყებული, მოსახლეობის ჩართულობით დამთავრებული, ყველა იქნებოდა ამ სისტემაში აწყობილი. არ გვაქვს სისტემა. ჩვენ არ გვაქვს არც გეოლოგიური სამსახურები, რომლებიც მუშაობდნენ, რომელიც გავაუქმეთ, 50 კაცამდე გეოლოგი იჯდა თითოეულ რაიონში და აკეთებდნენ მუდმივ მონიტორინგს, თან ასეთი გახშირებული მოვლენები არ იყო. დღეს არის ძალიან საგანგებო მდგომარეობა“, – აღნიშნა ჩხობაძემ.