ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უნგრელ კოლეგას შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილი და პიტერ სიიარტო მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც, მინისტრების შეფასებით, საკმაოდ დინამიკურად ვითარდება, არა მხოლოდ პოლიტიკის, არამედ დარგობრივი და სექტორული მიმართულებით.
„მინისტრებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელობას, განსაკუთრებით, ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის მომავალი თავმჯდომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისად, შეხვედრაზე განხილული იქნა როგორც უნგრეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები, ასევე საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მათ შორის, ევროკომისიის შესაბამისი რეკომენდაციების იმპლემენტაციის მიმართულებით.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უნგრეთი რჩება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერად და მზად არის, ქვეყანას ამ მიმართულებით პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინოს.
შეხვედრაზე მინისტრებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი ორი ქვეყნის თანამშრომლობას დაკავშირებადობის შემდგომი განვითარების კუთხით, აღინიშნა ორი ქვეყნის მონაწილეობით მწვანე ენერგიის შესახებ ხელმოწერილი მემორანდუმის მნიშვნელობა, რომელიც ახლო მომავალში შევა ძალაში.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა წარმატებულ სექტორულ თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით, ვაჭრობის და ეკონომიკის სფეროში.
მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. გაცვალეს მოსაზრებები უახლოეს მომავალში მაღალი დონის ვიზიტების დღის წესრიგზე“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.