დასავლეთი თავგასულ და ყოვლად მიუღებელ განცხადებებს აკეთებს ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ. ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი იმ შეფასებებს, რომლებიც ციმბირის კოლონიაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, 47 წლის ალექსეი ნავალნის უეცარ სიკვდილს მოჰყვა.
„არანაირი ინფორმაცია არ არსებობს სიკვდილის მიზეზებთან დაკავშირებით და ასეთი განცხადებები კეთდება. ნათელია, რომ ეს აბსოლუტურად თავგასული შეფასებებია. ჩვენ სრულიად დაუშვებლად მიგვაჩნია მსგავსი განცხადებები. ეს მიუღებელია“, – აცხადებს პესკოვი.
რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის განცხადებით, პატიმარმა მოულოდნელად გონება დაკარგა, ადგილზე მისულმა ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
„სეირნობის შემდეგ პატიმარმა ალექსეი ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, ადგილზე ექიმები მივიდნენ, მაგრამ ნავალნის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
თუმცა, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების ვერსიას არ იზიარებენ დასავლელი ლიდერები, რომელთა დიდმა ნაწილმაც ნავალნის სიკვდილში ღიად დასდო ბრალი ვლადიმერ პუტინს. მათ შორის არის აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელმაც განაცხადა, რომ ნავალნის სიკვდილზე პუტინია პასუხისმგებელი.