რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებელი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ნავალნის სიკვდილზე პუტინია პასუხისმგებელი. მისი სამიზნე არა მხოლოდ სხვა ქვეყნების მცხოვრებლებია, რასაც ახლა უკრაინაში ვხედავთ, არამედ, ის ასევე საშინელ დანაშაულებს სჩადის საკუთარი ხალხის წინაშე“, – განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი 47 წლის ასაკში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში მდებარე მესამე კოლონიაში გარდაიცვალა. როგორც რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურში განაცხადეს, პატიმარმა მოულოდნელად გონება დაკარგა, ადგილზე მისულმა ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. თუმცა, ამ ვერსიას უნდობლობას უცხადებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლეთის ქვეყნების ლიდერები.