აფხაზეთში ჩასვლა უსაფრთხო არ არის – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეოს საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა უსაფრთხო არ არის. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აფხაზეთის მკვიდრს ედგარ აბუხბას, რომელმაც 2019 წელს რუსი ტურისტი ქალის წინააღმდეგ „უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა“, სასჯელი შეუმსუბუქეს და ის ციხიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

რუსეთის საგარეო უწყება ამ შემთხვევას რეზონანსულს უწოდებს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ აფხაზეთში დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ ძალზე ლმობიერი დამოკიდებულება არსებობს.

„ეს ქმნის რისკებს უცხოელი სტუმრებისთვის, რომლებიც აფხაზეთის კურორტებზე ყოველწლიურად ჩადიან, რის შესახებაც ჩვენს თანამემამულეებს ვაფრთხილებთ“, – ამბობენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ედგარ აბუხმას რუსეთის მოქალაქის გაუპატიურებისა და გაძარცვისთვის 2021 წელს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლომ სასჯელის ეს ფორმა გამოიყენა, რადგანაც დანაშაულის ჩადენის მომენტში აბუხბა  არასრულწლოვანი იყო.

დანაშაული 2019 წელს იყო ჩადენილი. მაშინ ედგარ აბუხბამ განსაკუთრებული სისასტიკით სცემა და გააუპატიურა რუსეთის მოქალაქე, შემდეგ მოიპარა მისი კუთვნილი ორი მობილური ტელეფონი, საიუველირო ნაკეთობები და ფულადი თანხა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.