თქვენ უკვე დააჩქარეთ რეფორმების განხორციელება ასოცირების შეთანხმების ფარგლებში იმისთვის, რომ ცხრა ნაბიჯი იქნას შესრულებული, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო და ევროკავშირი საერთო ფასეულობებზე, პრინციპებზე დაყრდნობით ახორციელებენ ძალისხმევას და მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთობა იყოს ასახული ყველაფერში.
„სამი ძირითადი გზავნილი მინდა, გავაჟღერო. თქვენ უკვე დააჩქარეთ რეფორმების განხორციელება ასოცირების შეთანხმების ფარგლებში იმისთვის, რომ ცხრა ნაბიჯი იქნას შესრულებული, რაც ჩვენი რეკომენდაციაა. ამისთვის თქვენ გაქვთ ცოცხალი სამოქალაქო სექტორი და მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაწილე იყოს ჩართული ამ პროცესში, აქ საჭირო იქნება გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა, რათა შემცირდეს პოლიტიკური წნეხი და დაძაბულობა.
მეორე გზავნილი არის, რომ ჩვენ საერთო ფასეულობებსა და პრინციპებზე ვახორციელებთ ძალისხმევას, მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთობა იყოს ასახული ყველაფერში, რადგან ძალიან საშიშ გეოპოლიტიკურ გარემოში ვარსებობთ და გაწევრიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გაიზარდოს, მცირედით გაიზარდა, მაგრამ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს უსაფრთხოების პოლიტიკა და გადაწყვეტილებები ამ მიმართულებით. ჩვენ ველოდებით, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება შესაბამისობა ამ მიმართულებით მომდევნო წლებში. ასევე, მოვუწოდებ მთავრობას, რომ იბრძოლოს ანტიდასავლური რიტორიკის, ინფორმაციის მანიპულირების წინააღმდეგ. ჩვენ გვინდა, ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი ვნახოთ“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ამასთან, ბორელმა ისაუბრა საქართველოში მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ წელს მნიშვნელოვანი ტესტი იქნება ქართული დემოკრატიისთვის.
„მე უკვე ვახსენე არჩევნების პროცესი. საარჩევნო რეფორმა, რაც განხორციელდება მომავალში, მინდა, იყოს მომდევნო არჩევნებისთვის მზადება, ყველა შესაბამისი ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იქნას განხორციელებული, თავისუფალი, კონკურენტული პოლიტიკური არჩევნების უზრუნველსაყოფად. და ბოლოს, თუმცა ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ერთად გავაძლიეროთ საქართველოს მედეგობა, გამძლეობა, რათა დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ იმ მნიშვნელობას, რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს. ჩვენ გვყავს ევროკომისარი საქართველოში, გვყავს მონიტორინგის მისია და ძალიან დიდი ძალისხმევაა ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი საქმე კეთდება თქვენი ქვეყნის სასიკეთოდ. ასევე, გაძლიერდა ჩვენი უსაფრთხოების და თავდაცვის მიმართულებით ძალისხმევა, კიბერუსაფრთხოება, ლოგისტიკა, 3.9 მილიონი ევროს ფარგლებში არის წელს გათვალისწინებული.ფართომასშტაბიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს ქვეყანასთან, თქვენი შემოთავაზების საფუძველზე მოხდება იმ მექანიზმების დაფუძნება, რაც წლის ბოლოსთვის უკვე უნდა იყოს ასახული“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.