,,ლელოს“ პირობებში, პენსია იქნება 1 000 ლარი

,,ლელოს“ პირობებში, პენსია იქნება 1 000 ლარი. ხელისუფლებას ურჩევნია, დამშვიდდეს და მოემზადოს ხელისუფლების გადაბარებისთვის, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილს კითხვა დაუსვეს „ლელოს“ წინასაარჩევნო დაპირებასთან დაკავშირებით, რომელიც პენსიების ზრდას ეხება და ამ საკითხზე პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე.

„ვერ იმუშავებს ხელისუფლების პროპაგანდის ვერანაირი მცდელობა, გადაფაროს „ლელოს“ დაპირება 1000-ლარიან პენსიაზე, რომელსაც კონკრეტული სისტემური ცვლილებები უმაგრებს ზურგს. ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ და კიდევ გავაგრძელებთ საუბარს 1000-ლარიან პენსიაზე, რადგან ეს არის ის, რასაც საჭიროებენ საქართველოს ხანდაზმული მოქალაქეები, რისი უფლებაც აქვთ. „ქართული ოცნების“ პირობებში, სამარცხვინო პენსია აქვთ, „ლელოს“ პირობებში, 1000-ლარიანი პენსია იქნება. რამდენი მცდელობაც არ უნდა იყოს, ამ საკითხიდან ისრები სხვაგან გადაიტანონ, დარწმუნებული ვარ, წარუმატებელი იქნება“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილს კიდევ ერთი კითხვა დაუსვეს, ნამდვილად დატოვა თუ არა თაზო დათუნაშვილმა პარტია „ლელო“, იყო თუ არა კონფლიქტი მამუკა ხაზარაძესა და თაზო დათუნაშვილს შორის 1000-ლარიან პენსიასთან დაკავშირებით, რაზეც ნაცვლიშვილმა აღნიშნა:

„თაზო დათუნაშვილი არის პოლიტსაბჭოს მოქმედი წევრი, ამიტომ დამოუკიდებელი ადამიანია და თქვენი შუამდგომლობა არ დასჭირდება, თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს. მესმის ინტერესი „ლელოს“ მიმართ, მესმის წუხილი 1000-ლარიანი პენსიის მიმართ, მაგრამ „ლელოს“ პირობებში, პენსია იქნება 1000 ლარი. ხელისუფლებას ურჩევნია, დამშვიდდეს და მოემზადოს ხელისუფლების გადაბარებისთვის“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.