დონალდ ტუსკმა უარი თქვა უკრაინის პრეზიდენტის,  ზელენსკის შეთავაზებაზე

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა უარი თქვა უკრაინის პრეზიდენტის,  ზელენსკის შეთავაზებაზე, რომ უკრაინისა და პოლონეთის მთავრობის წევრები ორი ქვეყნის საზღვარზე შეხვედროდნენ ერთმანეთს.

უკრაინის პრეზიდენტი ასეთი შეხვედრის გამართვის ინიციატივით 21 თებერვალს გამოვიდა. ზელენსკის აზრით, ეს მოლაპარაკებები ხელს შეუწყობდა პოლონელი ფერმერების პროტესტის გამო საზღვარზე შექმნილი დაძაბული სიტუაციის განმუხტვას.

ტუსკის განცხადებით, საზღვარზე სამთავრობათაშორისო შეხვედრა მხოლოდ სიმბოლური ხასიათის იქნებოდა. მისივე თქმით, ამის ნაცვლად, უკრაინისა და პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ფერმერების პროტესტთან დაკავშირებულ საკითხებს 28 მარტს ვარშავაში განიხილავენ.