ბათუმის მერია მიწას ყიდის, მყიდველს კი ამ ნაკვეთთან ქუჩის მოწყობას პირდება

ბათუმის მერია გმირთა ხეივნის მიმდებარედ, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ადგილას 5 958 კვ.მ. ტერიტორიას პირობიანი აუქციონით ყიდის. მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი 6 მილიონ 559 000 ლარია. ბიჯი 100 000 ლარია.

 

საპრივატიზებო პირობაში მერია წერს, რომ გვერდით მიწის ნაკვეთზე, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, მერია ქუჩას მოაწყობს, რომელიც მომიჯნავე ოძელაშვილის ქუჩას მიუერთდება.

მერიის ინფორმაციით, ქუჩის მოწყობას ხელს უშლის ოძელაშვილის ქუჩაზე №4-ში მდებარე ერთსართულიანი სახლი [113,27 კვ.მ.]. სწორედ ამ შენობის გამოსყიდვას სთხოვს მერია აუქციონზე გამოტანილი ნაკვეთის პოტენციურ მყიდველს [სავარაუდოდ ქუჩის მოწყობის სანაცვლოდ].

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში, მესაკუთრესთან უშუალო შეთანხმებით და საკუთარი ხარჯებით გამოისყიდოს ეს სახლი, მოახდინოს მისი დემონტაჟი, თავისუფალი მიწის ნაკვეთი კი ბათუმის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადასცეს საკუთრებაში და საჯარო რეესტრშიც დაურეგისტრიროს.

აუქციონი 8 სექტემბერს უნდა დასრულდეს.

მთავარი ფოტო: მერია ქუჩის მოწყობას წითლად მოხაზული ტერიტორიაზე გეგმავს, ხოლო მწვანედ მონიშნული ნაკვეთი მერიამ აუქციონზე გამოიტანა.

“ნეტგაზეთი”