ირაკლი კობახიძე – აშშ-ის ელჩს ჰქონდა პოზიტიური გზავნილები, მთავარია, ეს ყველაფერი გარდაისახოს აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებებში

ძალიან კარგი იქნებოდა, თუ აშშ შემოიღებს უვიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის, მით უმეტეს, რომ აშშ-ის მიგრაციის პოლიტიკის კუთხით, ეს ვერავითარ გამოწვევას ვერ შექმნის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანია, რომ როგორც ჩინეთთან გვაქვს, ასეთივე, ან თუნდაც მიმსგავსებული ტემპით განვითარდეს კავშირები ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ როგორც ჩინეთთან გვაქვს, ასეთივე, ან თუნდაც მიმსგავსებული ტემპით განვითარდეს კავშირები კიდევ ერთ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს ეხება უვიზო მიმოსვლას. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნებოდა, თუ აშშ შემოიღებს უვიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის, მით უმეტეს, რომ ქვეყნის მიგრაციის პოლიტიკის კუთხით, ეს ვერავითარ გამოწვევას ვერ შექმნის. საუბარი მაქვს ამერიკის შეერთებული შტატების მიგრაციის პოლიტიკაზე. პირდაპირი ფრენები თუ იქნება შემოღებული, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება თუ იქნება ხელმოწერილი და თუ გაძლიერდება სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, თუ შემოვა მეტი ინვესტიცია – ყველა ამ მიმართულებით, დღეს გვაქვს პრაქტიკულად ნულოვანი მდგომარეობა და თუ გვექნება დადებითი დინამიკა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ხელს შევუწყობთ ამ პროცესს. თუმცა ჩვენი ძალისხმევა არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერაც იყოს ამ ნაწილში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, აშშ-ის ელჩისგან მოისმინა პოზიტიური გზავნილები და ახლა მთავარია, ეს ყველაფერი გარდაისახოს ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებებში.

„მე მქონდა ძალიან დამაიმედებელი შეხვედრა აშშ-ის ელჩთან, მას ჰქონდა პოზიტიური გზავნილები. მთავარია, ეს ყველაფერი გარდაისახოს ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებებში. უვიზო რეჟიმი თუ იქნება შემოღებული, პირდაპირი ფრენები, თავისუფალი ვაჭრობა, თუ გაძლიერდება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, თუ გვექნება მზარდი დინამიკა ინვესტიციების კუთხით, პროტოკოლური საკითხებიც თუ მოგვარდება და არა მესამე, მეოთხე რანგის თანამდებობის პირები მიულოცავენ პრეზიდენტებსა და პრემიერებს თანამდებობაზე დანიშვნას, არამედ ეს ყველაფერი გადაწყდება უმაღლეს დონეზე, ეს ყველაფერი დადებითად აისახება სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.