ელექტრონული არჩევნების შესახებ უკვე 318 000 ამომრჩეველია ინფორმირებული

ელექტრონული არჩევნებისა და საარჩევნო პროცესში სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანია ინტენსიურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, საარჩევნო ტექნოლოგიებს მხოლოდ თებერვალში 39 482 ამომრჩეველი გაეცნო. ელექტრონული აპარატების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, სახელმწიფო და საჯარო სტრუქტურებში, სპორტულ ფედერაციებში – მოქალაქეებს პირადად აქვთ შესაძლებლობა ნახონ და პრაქტიკაში გამოცადონ როგორ მუშაობს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. საერთო ჯამში თებერვალში ქვეყნის მასშტაბით 900-ზე მეტი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

ინფორმირების მასშტაბური კამპანია საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთო არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო და სამოქმედო გეგმის მიხედვით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მიმდინარეობს. საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ამ დროისათვის გამართულია 2 615 შეხვედრა და სულ 318 000 ამომრჩეველია ინფორმირებული.

2024 წლის პარლამენტის არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიები ყველაზე დიდი მასშტაბით იქნება გამოყენებული და ამომრჩეველთა თითქმის 90% ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ამ სიახლესთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. საარჩევნო ადმინისტრაცია გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის და უზრუნველყოფს 2024 წლის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ჩატარებას. ინფორმაცია კამპანიის მიმდინარეობის შესახებ პერიოდულად გამოქვეყნდება.