“ყველა ეს ელჩი უნდა გაყარონ რუსეთიდან” – ლავროვთან შეხვედრაზე უარის გამო, მედვედევი რუსეთიდან EU-ს ქვეყნების ელჩების გაძევებას ითხოვს

ევროკავშირის სახელმწიფოების ელჩების რუსეთიდან გაძევების ინიციატივით გამოდის ქვეყნის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი.

მისივე თქმით, რუსეთმა ამ სახელმწიფოებთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე უნდა დასწიოს.

„ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა უარი თქვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე. თითქოს, ბრიუსელის რჩევის გამო. ეს თავად დიპლომატიური მისიის არსებობისა და ელჩების დანიშვნის იდეას ეწინააღმდეგება. 

სინამდვილეში, ყველა ეს ელჩი უნდა გაყარონ რუსეთიდან, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დონემ უნდა დაიწიოს“, – წერს მედვედევი სოციალურ ქსელ X-ში.