“აზარაშვილმა ისეთ რაღაცებზე ისაუბრა, რომ თვითონაც გასასამართლებელია” – ბიძინას ყოფილი მრჩეველი ხუხაშვილი

„ინტერესჯგუფები საქართველოში შეზრდილები არიან პოლიტიკურ ჯგუფებთან“, – ასე ეხმაურება „ბიზნესპრენიუსთან“ ექსპერტი გია ხუხაშვილი ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებას მძლავრ ბიზნესდაჯგუფებებთან დაკავშირებით. ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოში ბიზნესი და სახელმწიფო შეხმატკბილებულად მოქმედებენ – ბიზნესი წარმატებას აღწევს ხელისუფლების მიმართ ერთგულებით და შემოსავლის ნაწილს ხელისუფლებას უნაწილებს.

„აქ არ არის საუბარი ბიზნესჯგუფების ინტერესებზე, ეს არის ბიზნესის და ხელისუფლების შეზრდა ერთმანეთთან, ოლიგარქიული სისტემა ამას ჰქვია, თუ გსურთ ნომენკლატურული კაპიტალიზმი დავარქვათ, როდესაც ბიზნესი წარმატებას აღწევს ხელისუფლების ლობირებით და თავისი შემოსავლის წილს მერე აძლევს ხელისუფალს. ასე უნდა გავიგოთ ჩვენ აზარაშვილის განცხადება. სხვა საკითხია ის, რომ თავად ამ სისტემის ნაწილი იყო და ამ სისტემის ლუსტრირება დაიწყო მას შემდეგ, რაც სისტემიდან გამოაგდეს. ეს არის კიდევ ერთი მანკიერება – ასეთი ადამიანები არაფრით არ სჯობია მათ, ვინც შიგნით რჩება“, – ამბობს ბიძინას გარემოცვის ექსპერტი.

კითხვაზე, თუ რატომ არ საუბრობდა აზარაშვილი სისტემაში არსებულ პრობლემებზე თანამდებობაზე ყოფნის დროს, ხუხაშვილის თქმით, „ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ან თვალს ხუჭავდა, ან თავადაც „ხელს ითბობდა“.

„ხელს ითბობენ თვითონაც, ან თვალს ხუჭავენ, მაგრამ დანაშაულის დაფარვა აგრეთვე დანაშაულია. აზარაშვილმა ისეთ რაღაცებზე ისაუბრა, რომ თვითონაც გასასამართლებელია. წარმოიდგინეთ, ონკოლოგიური წამლების უხარისხობაზე ისაუბრა, ჯანდაცვის მინისტრი იყო, ამაზე რომ არ გაეთავისუფლებინათ, არ ილაპარაკებდა – ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ დატოვებდა, თუ როგორ იქნებოდა მაშინ? ეს არის სამწუხარო რეალობა, აზარაშვილს რომ არ ეთქვა, მანკიერი სისტემის ანატომია ჩვენც კარგად ვიცით“, – აღნიშნა მან.

ხუხაშვილის თქმით, დღევანდელი ხელისუფლება – ეს არის ხელისუფლება, რომელიც ადგენს ბიზნესისთვის „თამაშის წესებს“. მანვე დასძინა ის, რომ ბიზნესთან შეზრდა ხელისუფლების სურვილია.

„ხელისუფლება კარნახობს ბიზნესს თამაშის წესებს. ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა ბიზნესთან შეზრდა. ხელისუფლებას რომ ჰქონდეს პოლიტიკური ნება დაშალოს კარტერები, გააუქმოს მონოპოლიები, ბიზნესი ვერაფერს იზამს, შესაბამისად. ხელისუფლება არის ტონის მიმცემი ამ ურთიერთობაში და ბიზნესსაც აწყობს. მსხვილი ბიზნესი ასეა მოწყობილი, ის არ არის მიჩვეული ჯანსაღი კონკურენციის გარემოში მუშაობას, მათთაც აწყობთ იმიტომ, რომ შოულობენ და უნაწილებენ ხელისუფალს და შოულობენ არაჯანსაღი, კარტელური გარიგებებით“, – აღნიშნავს ხუხაშვილი.

მანვე დააზუსტა, რომ ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის გარიგება კარგად იკვეთება არჩევნების დროს, როცა ბიზნესი სახელისუფლებო სალაროში ფულის შესატანად ემზადება.

„წინასაარჩევნოდ მთელი ბიზნესი, ვისაც სერიოზული ფული აქვს, რიგში დგას სახელისუფლებო სალაროში ფულის შესატანად, თითქოს სხვა პარტიები არ არსებობს, ან სხვა გემოვნება არ შეიძლება ბიზნესმენს ჰქონდეს. რიგში დგებიან იმიტომ, რომ აწყობთ ის თამაშის წესები, როცა ყველაფერი მოგვარებულია ხელისუფლებასთან, თუმცა, მეორე მხრივ ეშინიათ, რადგან სხვანაირად რომ ფიქრობდეს, ხელისუფლების მხრიდან ძალიან მტკივნეული იქნება მათზე ზემოქმედება“, – ამბობს ხუხაშვილი.

კითხვაზე, რას მოელის ხელისუფლება ბიზნესისგან, ხუხაშვილის თქმით, მოელის პოლიტიკურ ლოიალობას და იმას, რომ ბიზნესის მათ ხელისუფლებაში ყოფნას მოემსახურება.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ განაცხადა, რომ „მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესების მიუხედავად, 2 წლის მანძილზე“ ინარჩუნებდა პოსტს. აზარაშვილამდე ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაც საუბრობდა თანამდებობის დატოვების შემდეგ მძლავრ ელიტურ დაჯგუფებებზე. თუმცა არც ამ შემთხვევაში მოქალაქეებს მათი მხრიდან რაიმე კონკრეტული არ მოუსმენია.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე,

“ბპნიუს”