ამინდი მკვეთრად შეიცვლება და ტემპერატურა ერთბაშად დაეცემა – როდის დაიწყება გაუარესება და სადამდე გაგრძელდება უამინდობა?

7 მარტიდან 8 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

„შავი ზღვიდან უახლოვდება დაბალი წნევის არე, რომელიც გავრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე. ხვალ დღის ბოლოდან, მოსალოდნელია წვიმა და მაღალმთაში შესაძლებელია, თოვლჭყაპში გადავიდეს.

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, დასავლეთ საქართველოში, 10 გრადუსით დაიკლებს.

8-ში, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ცივი ამინდი, 10 მარტამდე შენარჩუნდება“,- განაცხადა მეტეოროლოგმა დოდო გვაზავამ.