საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთში ამოქმედდება კანონმდებლობა, რომელიც უკურნებელი სენის მქონე პაციენტს მისცემს შესაძლებლობას, სიცოცხლე დროზე ადრე დაასრულოს. „ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, ახალი კანონი მხოლოდ სრულწლოვან მოქალაქეებს შეეხებათ, რომელთაც უკურნებელი დაავადების დიაგნოზი აქვთ დასმული.
როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანგულ გამოცემებთან ინტერვიუში განაცხადა, ახალ კანონში მკაცრად იქნება გაწერილი ყველა პირობა, რა შემთხვევაშიც პაციენტს სიცოცხლის დროზე ადრე დასრულების არჩევანის გაკეთება შეეძლება.
მაკრონის ამბობს, რომ ეს კანონი არ გავრცელდება ფსიქიატრიული პრობლემებისა და ნეიროდეგენერაციული დარღვევების, მაგალითად, ალცჰაიმერის დაავადების მქონე პირებზე.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, პაციენტს, რომელიც სიცოცხლის დასრულების არჩევანს გააკეთებს, ექნება 48 საათი, რათა ეს გადაწყვეტილება შეცვალოს. ამის შემდეგ პროცესში ჩაერთვებიან ექიმები, რომლებსაც შესაბამისი დასკვნისთვის ორკვირიან ვადას მისცემენ. ექიმი გამოწერს სასიკვდილო აბის დანიშნულებას, რომელსაც სამთვიანი ვადა ექნება.
მაკრონის განცხადებით, მოქალაქეებს ამ აბის მიღება შეეძლებათ სახლში, მოხუცებულთა თავშესაფარსა და ჯანდაცვის დაწესებულებაშიც. პაციენტის ფიზიკური მდგომარეობა თუ არ აძლევს საშუალებას, თავად მიიღონ სასიკვდილო აბი, მაშინ მას შეეძლება, ექიმის ან ექთნის დახმარება მოითხოვოს.
მაკრონის თქმით, კანონის სახელწოდება იქნება „დახმარება სიკვდილში“, რადგან, მისივე მოსაზრებით, ეს უფრო ჰუმანური ტერმინია, ვიდრე „ევთანაზია“ და „თვითმკვლელობა სამედიცინო ხელშეწყობით“. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ახალ კანონზე მუშაობა მაისში დაიწყება და პროცესს რამდენიმე თვე დასჭირდება.
ცნობისთვის, სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ საფრანგეთის მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს პაციენტებისთვის სიცოცხლის დროზე ადრე დასრულების არჩევანის უფლების დაკანონებას.