ვოლსკი: კეზერაშვილზე არსებობს სხვა დიდი ეჭვებიც, რისი გამოძახილიც არის აშშ-ის გადაწყვეტილება, არ მისცეს ვიზა

ვიზის გაცემაზე თავი შეიკავა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც, რაც იმ ეჭვების გამოძახილია, რომელიც კეზერაშვილის მიმართ არსებობს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც აშშ-მა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა.

მისი თქმით, ფულის გათეთრებაზე ეჭვი არის საფუძველი, რომ ადამიანს არ მისცენ ვიზა.

„საუბარი არ არის მხოლოდ ფულის გათეთრებაზე, არის კიდევ სხვა საკითხები, რომლებზეც ძალიან ფართო განხილვა ჰქონდა ბრიტანეთის სახელმწიფო ტელევიზიას. ეს ყველაფერი ერთად არის შეკრებილი და ამასთან დაკავშირებით ვიზის გაცემისგან თავს იკავებს აშშ.

სამართლებრივი ნაწილი მოჰყვა როგორც ვიზის პროგრამას, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას. მან ეს განცხადება გააკეთა, მაგრამ ვფიქრობ, მაინც უფრო დროის მოგების მიზნით, ვინაიდან ის აქტიურად არის ჩართული ქართულ პოლიტიკაში. ეს არის მისი ფანდი, თუმცა, ფაქტია, რომ მისი გადაადგილება მნიშვნელოვნად არის შეზღუდული, რამდენადაც ვიცით, არა მარტო აშშ-ის მიმართულებით. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

ფაქტია, ოპოზიციურ ველზე ოპერირებს ადამიანი, რომელიც ფლობს იმ თანხებს, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან მოიპარა, დანარჩენთან დაკავშირებით არსებობს დიდი ეჭვები. ამ ეჭვების გამოძახილია აშშ-ის გადაწყვეტილება, არ მისცეს ვიზა და არ შეუშვას ქვეყანაში“, – აცხადებს ვოლსკი.

ცნობისთვის, აშშ-მა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა, რის გამოც კეზერაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტს უჩივის.