ანრი ოხანაშვილი – დიდი ხანია, მიმდინარეობს კამპანია, თითქოს სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, მოწამლეს და უფლებები აქვს შეზღუდული, სამწუხაროა, რომ ომში მყოფი ქვეყანა ამ კამპანიის ნაწილი ხდება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დიდი ხანია, მიმდინარეობს კამპანია, თითქოს მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, მოწამლეს და უფლებები აქვს შეზღუდული.

ოხანაშვილის თქმით, ეს არის დეზინფორმაციული კამპანია საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესების საზიანოდ.

„სამწუხაროა, რომ ომში მყოფი ქვეყანა ამ კამპანიის ნაწილი ხდება და მათი მხრიდან არაერთი არაობიექტური განცხადება მოვისმინეთ. მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად აცხადებენ მაშინ, როდესაც დადასტურებულად აღიარებულია, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რომ ეს ადამიანი დამნაშავეა, იხდის სამართლიან სასჯელს არა ციხეში ამ ეტაპზე, არამედ სამედიცინო დაწესებულებაში. ეს დეზინფორმაციის კამპანია, დიდი ხანია, წარმოებს და სამწუხაროა, რომ ამ დეზინფორმაციის კამპანიას უკრაინა, ომში მყოფი ქვეყანა უერთდება. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენს ხალხებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა შევინარჩუნოთ და გავაღრმაოთ, ჩვენი ქვეყანა, საზოგადოების ინტერესები ხდება თავდასხმის ობიექტი უკრაინის კონკრეტული მაღალჩინოსნების მხრიდან. ამ დეზინფორმაციულ კამპანიასაც წერტილი უნდა დაესვას, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ესეც იყოს სწორედ იმ დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც უკავშირდება სალომე ზურაბიშვილისთვის ნიადაგის შემზადებას, რომ ევროპიდან, უკრაინიდან და სხვა კონკრეტული ორგანიზაციებიდან მიღებული გზავნილებით შემდგომ ზურაბიშვილმა თავი იმართლოს, რატომ გახდა საჭირო სააკაშვილის შეწყალება“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ 12 მარტს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაასახელა სამი პუნქტი, რომელთა შესრულებაც, მისი თქმით, სჭირდება საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. „დაგვიბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი, შეწყდეს ფრენები რუსეთთან, აგრესორის დახმარება სანქციების გვერდის ავლაში, მაშინ ურთიერთობების ნორმალიზებაც მარტივად მოხდება“, – დაწერა დავით არახამიამ.