ევროპარლამენტმა მედიის თავისუფლების აქტი დაამტკიცა, რომელიც ჟურნალისტებისა და მედიის პოლიტიკური ან ეკონომიკური ჩარევისგან დაცვას ითვალისწინებს.
კანონის თანახმად, საზოგადოებრივი მედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების თავიდან ასაცილებლად, მათი ლიდერები და გამგეობის წევრები უნდა აირჩეს გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული პროცედურებით საკმარისად ხანგრძლივი ვადით. მედიის თავისუფლების აქტის თანახმად, მათი გათავისუფლება არ შეიძლება ხელშეკრულების დასრულებამდე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩაითვლება, რომ ისინი აღარ აკმაყოფილებენ პროფესიულ კრიტერიუმებს. ახალი რეგულაციით, საზოგადოებრივი მედია უნდა დაფინანსდეს გამჭვირვალე და ობიექტური პროცედურების გამოყენებით, ხოლო დაფინანსება უნდა იყოს მდგრადი და პროგნოზირებადი. ხელისუფლებას აეკრძალება ზეწოლა ჟურნალისტებსა და რედაქტორებზე მათი წყაროების გასამჟღავნებლად, მათ შორის მათი დაკავებით, სანქციებით, ოფისებში ჩხრეკით ან მათ ელექტრონულ მოწყობილობებზე სათვალთვალო პროგრამული უზრუნველყოფის დაყენებით.
ევროპარლამენტმა დაამატა მნიშვნელოვანი გარანტიები სათვალთვალო პროგრამების გამოყენების დასაშვებად, რაც შესაძლებელი იქნება მხოლოდ ინდივიდუალურ შემთხვევაში და ექვემდებარება სასამართლო ორგანოს ავტორიზაციას, რომელიც იძიებს მძიმე დანაშაულებს. იმისათვის, რომ საზოგადოებამ შეძლოს იცოდეს, ვინ აკონტროლებს მედიას და რა ინტერესებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს გაშუქებაზე, ყველა საინფორმაციო მედიასაშუალებამ, მიუხედავად მათი ზომისა, უნდა გამოაქვეყნოს ინფორმაცია მათი მფლობელების შესახებ ეროვნულ მონაცემთა ბაზაში, მათ შორის, თუ ისინი პირდაპირ ან ირიბად ეკუთვნიან სახელმწიფოს.
კანონის თანახმად, მედიას ასევე მოუწევს მოხსენების გაკეთება სახელმწიფო რეკლამიდან მიღებული თანხების შესახებ და სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, მათ შორის ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან. რეგულაცია მოიცავს მექანიზმს, რომელიც ხელს უშლის ძალიან დიდ ონლაინ პლატფორმებს, როგორებიცაა Facebook-ი, X-ი (ყოფილი Twitter-ი) ან Instagram-ი თვითნებურად შეზღუდონ ან წაშალონ დამოუკიდებელი მედიის შინაარსი. პლატფორმებმა, პირველ რიგში, უნდა განასხვაონ დამოუკიდებელი მედია დამოკიდებული წყაროებისგან.
შეიქმნება ევროკავშირის სპეციალური ორგანო, სახელწოდებით „მედიამომსახურების ევროპული საბჭო”, რომელიც გააკონტროლებს კანონების შესრულებას.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ პარლამენტმა აქტის მიღებით „ისტორია დაწერა“ და მალტელი ჟურნალისტის, დაფნე კარუანა გალიზიას და სლოვაკი ჟურნალისტის, იან კუჩიაკის ხსოვნას პატივი მიაგო. ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისარმა, ვერა იუროვამ ევროპარლამენტს განუცხადა, რომ კანონი გაუგზავნის „ნათელ შეტყობინებას მათ, ვისაც სურს დემოკრატიის შესუსტება“.