ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინას დამატებით 5 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება გაუწიონ. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
ბელგიამ განაცხადა, რომ 27 ქვეყნის ელჩები 2024 წელს კიევისთვის იარაღის მიწოდების მხარდაჭერის გეგმაზე უკვე შეთანხმდნენ.
5 მილიარდი ევროს ოდენობის კონტრიბუცია ევროკავშირის ფონდს („ევროპის სამშვიდობო ფონდი“) გადაეცემა. ფონდი ევროკავშირის წევრებს სხვა ქვეყნებში საბრძოლო მასალის გაგზავნას უნაზღაურებს.
ევროკავშირის ამ ინიციატივას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ „ევროპის ერთიანობის ძლიერი და დროული დემონსტრირება“ უწოდა.
„მადლობელი ვარ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, რომ დათანხმდნენ ჯოზეფ ბორელის წინადადებას, რომ „ევროპის მშვიდობის ფონდის“ ფინანსები 5 მილიარდი ევროთი გაიზარდოს, რათა უკრაინას დამატებითი სამხედრო დახმარება მიაწოდონ. ეს არის ევროპული ერთიანობის კიდევ ერთი ძლიერი და დროული დემონსტრირება და ჩვენი საერთო გამარჯვების მიღწევისთვის სიმტკიცის გამოვლენა. ჩვენ მოუთმენლად ველით საბოლოო გადაწყვეტილების დამტკიცებას ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მომავალ სხდომაზე, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში.