პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ძალიან ეშლება ტერმინებშიც და საქციელშიც, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ანსამბლი „ფესვები“, რომელიც აჭარიდან პრეზიდენტის სასახლეში უნდა ჩასულიყო, გზიდან გააბრუნეს.
ვოლსკი პრეზიდენტს ურჩევს, ბოლშევიზმზე ნაკლებად ილაპარაკოს.
„საერთოდ, ბოლშევიზმთან დაკავშირებით ნაკლებად ვილაპარაკებდი სალომე ზურაბიშვილის ადგილზე. თუკი რომელიმე ანსამბლი მოღვაწეობს ჩვენთან ხელოვნების ასპარეზზე, არავისთვის არავის უკითხავთ, რომელ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს.
რაც შეეხება ანსამბლის უკან გაბრუნებაში სუსის ჩართულობას, ეჭვი მეპარება. საერთოდ, ეს ცრუპენტელობა ახასიათებს ზოგიერთს. სალომე ზურაბიშვილს ძალიან ეშლება ტერმინებშიც და საქციელშიც“, – აცხადებს ვოლსკი.