ძალიან დიდი პატივია საქართველოში თქვენი მასპინძლობა, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენი მხარდაჭერისთვის ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა.
პრემიერის თქმით, ნატო კვლავ რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად.
„ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე თქვენი ათწლიანი მოღვაწეობა დაემთხვა უპრეცედენტო გამოწვევებს და სირთულეებს, თუმცა, თქვენი ლიდერობით, მრავალი გამოწვევა გადაილახა და ნატო კვლავაც რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად“, – განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო მადლიერია ნატო-ს და პირადად გენერალური მდივნის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გამო.
„მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ასევე, ინტეგრაციის პროცესი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გამოვხატო ნატო-ს და პირადად გენერალური მდივნის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასევე, ძალიან ვაფასებთ გენერალური მდივნის სრულ და სამართლიან განცხადებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.