აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაცია დაწყებულია – ფაშინიანი

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია დაწყებულია. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ტავუშის ოლქის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. ეს ოლქი აზერბაიჯანს ესაზღვრება. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

„რას ნიშნავს დემარკაცია და რისთვის სჭირდება ის სომხეთს? ზუსტად რომ ვიცოდეთ, სად იწყება სომხეთის რესპუბლიკა. თქვენ ეს მშვენივრად იცით, ჩემზე უკეთესად იცით ეს“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, სომხეთის ხელისუფლებამ ეს პროცესი იმისთვის დაიწყო, რომ ომი არ დაუშვას. ფაშინიანი ამბობს, რომ დელიმიტაციის პროცესი პრაქტიკულ სიბრტყეში გადადის. ის ამბობს, რომ სპეციალური კომისია დაადგენს, თუ სად იწყება სომხეთის რესპუბლიკა და ეს იქნება ქვეყსის სახელმწიფო საზღვარი.

რამდენიმე დღის წინ ოფიციალურმა ბაქომ მისთვის ოთხი სოფლის გადაცემა მოითხოვა, რომლებიც ტავუშის და გაზახის რაიონების საზღვარზე მდებარეობს. ფაშინიანის თქმით, სოფლები, რომლებსაც აზერბაიჯანი ითხოვს, დე იურე სომხეთის ტერიტორიაზე არ მდებარეობს.

როგორც ტავუშის რაიონის ადმინისტრაციის უფროსმა ნვერ ბეგლარიანმა განაცხადა, მოსაზღვრე სოფლების მოსახლეობა აზერბაიჯანისთვის ამ ტერიტორიის გადაცემის შემთხვევაში აქციებს გამართავენ და გზას გადაკეტავენ.