იტალიის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ჯარების გაგზავნის წინააღმდეგია

იტალიის პრემიერ მინისტრი ჯორჯია მელონი მხარს არ უჭერს უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნას. ამის შესახებ ANSA იუწყება.

„საფრანგეთის მიერ წარმოდგენილ წინადადებასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი პოზიცია არ ემხრობა ამ ჰიპოთეზას, რომელიც სახიფათო ესკალაციის საწინდარია და აუცილებლად უნდა იქნეს აცილებული“, – აცხადებს იტალიის პრემიერი.

ამასთან, იტალიის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ რუსეთის ლიდერთან მოლაპარაკება უსარგებლოა.

„როგორ შეიძლება დაჯდე მოლაპარაკების მაგიდასთან იმ ადამიანთან, ვინც არასდროს პატივს არ სცემდა რაიმე შეთანხმებას?“, – აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა  არ არის გამორიცხული“.

მოგვიანებით, მის მიერ წამოჭრილი იდეის კომენტირებისას, მაკრონმა აღნიშნა, რომ თუ ასეთი სცენარი განხორციელდება, საფრანგეთის ძალები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შეტევაზე არ წავლენ.