საგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ესპანეთში, საერთაშორისო გამოფენა Alimentaria 2024-ში ქართული კომპანიები პირველად მონაწილეობენ

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, რვა ქართული კომპანიის პროდუქცია ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მიმდინარე მასშტაბურ გამოფენაზე – Alimentaria 2024-ზეა წარმოდგენილი.

Alimentaria საკვები და სასმელი პროდუქტების სექტორში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა – მას 3 000-ზე მეტი გამომფენი და ასი ათასამდე ვიზიტორი სტუმრობს.

საქართველო გამოფენაში წელს პირველად მონაწილეობს – ქართულ პავილიონში, რომელიც 81 კვ.მ. საგამოფენო სივრცეს მოიცავს, ექსპორტზე ორიენტირებული რვა ქართული კომპანია საკუთარ პროდუქციას აცნობს დამთვალიერებელს.

Alimentaria 2024-ზე წარმოდგენილია შემდეგი ქართული პროდუქტები: მინერალური და მტკნარი წყლები, ხილის და ბოსტნეულის წვენები, თაფლი, თხილი და თხილის პროდუქტები, კაკალი, გადამუშავებული ხილი და ბოსტნეული, სუნელები, სანელებლები, სამკურნალო მცენარეები.

ოთხდღიანი გამოფენის ფარგლებში ქართულ კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ ინდუსტრიის უახლეს ტენდენციებს, საკვებისა და სასმლის სექტორის ყველაზე მნიშვნელოვან კომპანიებს, საკუთარი პროდუქცია წარუდგინონ საერთაშორისო ვიზიტორებს და დაამყარონ ბიზნესკავშირები. მასშტაბურ გამოფენაში მონაწილეობა ხელს შეუწყობს ქართულ კომპანიებს, გააფართოვონ საექსპორტო ბაზრების არეალი და დაამყარონ კავშირები პოტენციურ პარტნიორებთან.