ირაკლი კობახიძემ რუსთავში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი ილია თოფურიასთან ერთად გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რუსთავში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი UFC-ს ჩემპიონთან, ილია თოფურიასთან ერთად გახსნა.

ილია თოფურიას სპორტკომპლექსში გულშემატკივრები დახვდნენ.

პრემიერმა მას კიდევ ერთხელ მიულოცა UFC-ის ჩემპიონობა და მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მივულოცო რუსთაველებს დღევანდელი დღე, სპორტკომპლექსის გახსნა. ვულოცავ ილია თოფურიას UFC-ს ქამარს, რომელიც დღეს რუსთავშია. ოთხი-ხუთი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს ქამარი იქნებოდა რუსთავში და ამ ქამარს ჩამოიტანდა არაჩვეულებრივი, ღირსეული კაცი ილია თოფურია. კიდევ ერთხელ მადლობა მას პატრიოტიზმისთვის და მივულოცოთ წარმატება.

რუსთავი არის გამორჩეული ქალაქი, გამორჩეულად ღირსეული და ნიჭიერი ხალხით, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ილია თოფურია. ეს ქალაქი ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს. დღევანდელი დღე, დარბაზის გახსნა, არის იმის გამოხატულება, რომ მაქსიმალური ზრუნვა არის საჭირო ამ ქალაქზე, სპორტის მნიშვნელობაზე. სპორტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ბევრი თვალსაზრისით, სპორტი ნიშნავს ჯანმრთელობას, ჯანსაღი ცხოვრების წესს, სწორად აზროვნებას და მავნე ჩვევებისგან ადამიანების დაცვას, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სპორტის განვითარებას და დღევანდელი დღე არის ამის გამოხატულება.

დღეს გვაქვს გამორჩეული დღე სხვადასხვა თვალსაზრისით, პირველ რიგში იმით, რომ ვზეიმობთ წარმოუდგენელ წარმატებას, ეს არის სპორტკომპლექსის გახსნა და UFC-ის ქამარი. ილია თოფურია არის რუსთაველების ნიჭიერების განსაკუთრებული მაგალითი და  იმის მაგალითი, რამდენი რამის გაკეთება შეუძლია ქართველ კაცს თავისი ქვეყნისთვის. მადლობა ილია თოფურიას მისი პატრიოტიზმისთვის და იმ დიდი წარმატებისთვის, რომელიც მან ქვეყანას მოუტანა“, – აღნიშნა პრემიერმა.