უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს – ჯეიკ სალივანი

შეერთებულ შტატებს სჯერა უკრაინის გამარჯვების, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით, აშშ უკრაინის გვერდით იქნება.

„დღეს ვარ აქ, რათა გითხრათ, რომ გვჯერა თქვენი. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ გაიმარჯვებთ. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ ააშენებთ ნათელ მომავალს უკრაინელი ხალხისთვის, უფრო ძლიერ დემოკრატიას, გამძლე და უსაფრთხო ქვეყანას, რომელსაც შეუძლია მოიგერიოს მომავალი აგრესია. ჩვენ ვიქნებით თქვენი პარტნიორი ყოველ ნაბიჯზე“, – აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.

სალივანის განცხადებით, უკრაინა გაიმარჯვებს თუ ამ ომიდან თავისუფალ, დემოკრატიულ, სუვერენულ ქვეყნად გამოვა.

„ვთქვი, რომ დღეს უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. და რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ უკრაინა ამ ომიდან გამოვა სუვერენულ, დამოუკიდებელ, თავისუფალ, სამომავლო აგრესიის შეკავების შესაძლებლობის მქონე ქვეყნად, ძლიერი, დინამიური დემოკრატიით, ღრმა დემოკრატიული ინსტიტუტებით, ეკონომიკით, რომელიც იზრდება არა მხოლოდ ტრადიციულ დარგებში, არამედ მაღალი ტექნოლოგიების სფეროშიც, სფეროში, რომელშიც თქვენ ინოვაციებს ნერგავთ, და რუსული თავდასხმების ფონზეც ინოვაციებს ნერგავთ. აი რას ნიშნავს გამარჯვება“, – განაცხადა სალივანმა.

მისი თქმით, უკრაინელი სამხედროებისთვის საჭირო დახმარების, აღჭურვილობისა და იარაღის მიწოდება გადამწყვეტი სამხედრო განზომილებაა,რათა ბრძოლის ველზე ეფექტიანად შეძლონ იმის კეთება, რაც სჭირდებათ.

„დაზვერვითი თანამშრომლობა გვაქვს, ეკონომიკური თანამშრომლობა გვაქვს, დიპლომატია გვაქვს, რომელსაც ერთად ვატარებთ, რათა დემოკრატიულ რეფორმებსა და ეკონომიკურ რეფორმებზე ვიმუშაოთ. ასე რომ, ეს აშშ-ის მთავრობის კომპლექსური, ყოველმხრივი და ერთობლივი მუშაობაა, რომელიც ჩვენმა პრეზიდენტმა შეერთებული შტატების საკვანძო პრიორიტეტად განსაზღვრა, რათა უკრაინამ არა მხოლოდ უბრალოდ გაიმარჯვოს, არამედ წარმატებასაც მიაღწიოს“, – დასძინა სალივანმა.