გადაფურთხებულის ალოკვის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა “აგენტების კანონის” ახლებურად, “დასავლურად” შემოთავაზებას არ გამორიცხავს

მმართველი პარტია აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები „დღემდე თავს იკავებენ ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნებისგან”, უცხოურ დონორებს კი მოუწოდებენ დაინტერესდნენ, „რისთვის აძლევენ თანხებს” მათ მიერ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ანალიტიკოსები უშვებენ იმ ვარიანტს, რომ „უცხოური აგენტების შესახებ” კანონპროექტი პარლამენტში კვლავ დაბრუნდეს სახეცვლილი, ან „ჰიპოთეტურად შესაძლებელია კანონმდებლობაში რაღაც ცვლილებები მოხდეს იმისათვის, რომ ვალდებულება გახდეს არასამთავრობოებმა საკუთარი ანგარიშები წარმოადგინონ”.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები დღემდე თავს იკავებენ ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნებისგან და აცხადებენ, რომ ამის საფუძველი და აუცილებლობა არ არსებობს.

„ველოდებოდით, რომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია გამოაქვეყნებდა თავის ფინანსურ ანგარიშებს. დღემდე ეს არ ხდება და არის უტიფარი დაჩემება იმისა, რომ ამის საფუძველი და აუცილებლობა არ არსებობს”, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, გამჭვირვალობის პრინციპიდან გამომდინარე, ყველა დონორ ორგანიზაციას მოუწოდებენ, გაასაჯაროოს რა დაფინანსებას და რისთვის აძლევენ კონკრეტულ ორგანიზაციებს. მისი თქმით, დონორები ყურადღებით უნდა მოეკიდონ იმ აქტივობებს და კონკრეტულ ღონისძიებებს, რასაც ეს ორგანიზაციები ატარებენ.

„მოვუწოდებთ ყველა დონორ ორგანიზაციას, გამჭვირვალობის პრინციპიდან გამომდინარე, გაასაჯაროოს რა დაფინანსებას და რისთვის აძლევენ კონკრეტულ ორგანიზაციებს. ყურადღებით მოეკიდონ იმ აქტივობებს და კონკრეტულ ღონისძიებებს, რომლებსაც ეს ორგანიზაციები ატარებენ”, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილირეზონანსთან” აცხადებს, რომ „ოცნება” კანონპროექტის შემობრუნებას ვერ გაბედავს, რადგან მოსალოდნელია, რომ ასეთ შემთხვევაში იმაზე მეტმა ადამიანმა გააპროტესტოს, ვიდრე შარშან მარტში იყო.

„არა მგონია, კანონის შემოტანა გაბედონ, რადგან ხალხმა დაიჯერა, რომ გაიმარჯვა და არ დაუშვებენ, რომ მონოპოლია დაიკავონ. ამიტომ „ოცნება” ამ განცხადებების ფონზე, არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციას ცდილობს და ტყუილებს იგონებს. საქართველოში ასეთი გამჭვირვალე არც ერთი სტრუქტურა არაა, როგორიც არასამთავრობო ორგანიზაციები არიან, არც ბიზნესია ასეთი გამჭვირვალე და არც პარლამენტის წვერების შემოსავლები. არ არსებობს საქართველოში ადამიანი მოინდომოს და ვერ გაიგოს, თუ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას რა შემოსავალი აქვს, ყველაფერი მათ საიტზე დევს.

„არასამთავრობოებს ორმაგი შემოწმება აქვთ – პირველ რიგში ამოწმებს საქართველოს ფინანსური სამსახური და მერე, ის დონორები, ვინც ფულს აძლევს. ისინი დაინტერესებულები არიან იცოდნენ ფული სად მიდის. სჯობს „ოცნების” დეპუტატებმა თავიანთი შემოსავლები გაასაჯაროვონ, ნათესავებზე, მშობლებზე, შვილებზე რომ აქვთ გადაფორმებული. ცოტა მეტი არ მოუვიდეთ, რომ მერე პასუხი აგონ თავიანთი საქმიანობის გამო.

„არასამთავრობოების საიტებზე ყველა ვერ შევა და მათ ფინანსურ შემოწმებას არ დაიწყებს, ამიტომ იმის ილუზიას და მითს ქმნიან, რომ თითქოს მათ არ აქვთ გამჭვირვალე შემოსავალი, ესაა ტყუილი, ბოდვა და სიცრუე. მათი შემოწმება უკვე არსებული მექანიზმებით შეიძლება სხვებზე უკეთესად”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, თუ „ოცნებამ” „უცხოური აგენტების შესახებ” კანონპროექტი კვლავ პარლამენტში შეაბრუნა, თუნდაც სახეცვლილი, პროტესტი აუცილებლად იქნება და იმაზე მეტი ხალხი გამოვა, ვიდრე ერთი წლის წინ იყო ამავე თემაზე.

„თუ კანონპროექტი ისევ შეაბრუნეს, დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება ამას ასე არ დატოვებს. შესაძლოა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტმა არ გამოიწვიოს იმხელა ვნებათაღელვა, მაგრამ ამ რუსული კანონის წინააღმდეგ ხალხი აუცილებლად გამოვა. უფრო მეტი ხალხი გამოვა, ვიდრე ერთი წლის წინ მარტის აქციებზე იყო”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან”.

ანალიტიკოსი გია აბაშიძერეზონანსთან” აცხადებს, რომ საზოგადოებას გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ შეკითხვები აქვთ, რაზედაც პასუხი უნდა გაეცეს. მისი თქმით, ჰიპოთეტურად შესაძლებელია, რომ უკვე არსებულ კანონში ისეთი ცვლილებები შევიდეს, რომ ანგარიშების წარმოდგენა სავალდებულო გახდეს.

„როცა კეთილსინდისიერი ორგანიზაციაა, არ აქვს მნიშვნელობა არასამთავრობოა თუ კომერციული, და თუ მის გარშემო შეკითხვები არსებობს და ეს შეკითხვები საკმაოდ ლეგიტიმურია მის საქმიანობასთან და მისი ფინანსების მიზნობრიობასთან დაკავშირებით, ამას პასუხი უნდა გაეცეს. თუ დასამალი არაფერი აქვთ ამ მდიდარ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ცნობილები არიან „ნაცმოძრაობის” დღის წესრიგის პროპაგანდირებით, მაშინ საკუთარი დონორების მიერ ჩარიცხული თანხების მიზნობრიობა გამოაქვეყნონ. ეს ერთხელ და სამუდამოდ წერტილის დასმა იქნება სხვადასხვა შეკითხვებზე, ინტერპრეტაციებზე და ა.შ.

„თუმცაღა ეს არ გაკეთებულა იმ ე.წ. რუსული კანონის მიღების პროცესიდან ერთი წლის შემდეგაც. შესაბამისად, ხელისუფლება, რომელიც ხალხის მიერაა არჩეული, ხალხის მოთხოვნებს აჟღერებს, რომ გაგვეცით პასუხი მიდის თუ არა უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში არასამთავრობოების გავლით – ამაზე პასუხი არც ამ დონორებისგან გვაქვს და არც ადგილობრივი არასამთავრობოების ნაწილისგან, რომელთა მიმართ ეს შეკითხვებია.

„შესაბამისად, თუ ის ე.წ. რუსული კანონი, ანუ ამერიკული „ფარას” კანონი მიღებული არაა, ჰიპოთეტურად შესაძლებელია კანონმდებლობაში რაღაც ცვლილებები მოხდეს იმისათვის, რომ ვალდებულება გახდეს საკუთარი ანგარიშები წარმოადგინონ. პარადოქსია, რომ გამჭვირვალეობაზე პრეტენზიების მქონე არასამთავრობოები აბსოლუტურად გაუმჭვირვალენი არიან. ეს ანომალიაა, რასაც ევროპული კანონმდებლობის პრაქტიკის საუკეთესო მაგალითებით წერტილი უნდა დაესვას.

„ამაში თავად ევროპელი ექსპერტები ჩაერთონ, მივიღოთ ისეთი კანონი, რომელიც საფრანგეთში, გერმანიაში მოქმედებს, რადგან საქართველოში უცხოური გავლენები საკმაოდ მომატებულია, საკმაოდ მომატებულია მტრული რუსეთის პროპაგანდის გავლენები, ევროპაში ამის თავდაცვითი მექანიზმები არის და კიდევ უფრო იხვეწება. საზოგადოებას ის პრეტენზია კი არ აქვს, რომ ამერიკული, ან ევროპული ფული რატომ შემოდის, ჩვენ გვაქვს პრეტენზიები იმაზე, რომ იქნება-და ოკუპანტის ფული შემოდის, რომელიღაც ორგანიზაციებს ხმარდება, არ ვიცით და მალავს.

„როცა გამჭვირვალობაა, იქ შეკითხვები არასდროს იბადება, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, როცა რადიკალური ოპოზიციის ქოლგის ქვეშ მყოფი არასამთავრობოები მთავრობის დამხობას მოითხოვენ და თავიანთ ფინანსურ წყაროებს არ ასაჯაროვებენ, აქ უკვე მტკიცებულებით ფორმაში გადადის, თუ რისთვის იხარჯება ეს დიდძალი თანხა, ალბათ საქართველოს სახელწიფოს წინააღმდეგ”,- განაცხადა აბაშიძემ.

კითხვაზე, რა შეიძლება მოჰყვეს, თუ ისევ დაბრუნდა „უცხოური აგენტების შესახებ” კანონპროექტი პარლამენტში, აბაშიძემ განაცხადა:

„არ მგონია, რომ „უცხოური აგენტების შესახებ” კანონპროექტი იმ ვარიანტით დაბრუნდეს, ამაზე თავად ხელისუფლების წარმომადგენლება თქვეს, მაგრამ კანონმდებლობა იმხელა მოცულობითი სივრცეა, რომ იქ რაღაცის მოდიფიკაცია აბსოლუტურად შესაძლებელია, ოღონდ ამაში თავად დასავლელი ექსპერტები ჩაერთონ. ამის შემდეგ უკვე ბინძური სპეკულაციები აღარ იქნება ნაცოპოზიციისა და მათი მხარდამჭერი ენჯეოების მხრიდან”, – განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან”.

 

თამთა ჩაჩანიძე (“რეზონანსი”)