მოსკოვში ტერაქტის შემდეგ, საფრანგეთმა ტერორიზმის საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა

საფრანგეთში განაცხადეს, რომ რუსეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ ტერორისტული საფრთხის დონე მაქსიმუმამდე გაიზარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თავდაცვის საბჭოს სხდომაზე ელისეის სასახლეში მიიღეს.

„მოსკოვში მომხდარი ტერაქტის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა მოიწვია ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს სხდომა. იმის გათვალისწინებით, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, გადავწყვიტეთ გამოვაცხადოთ ტერორიზმის საფრთხის უმაღლესი დონე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მთავრობის განცხადებით, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ საფრთხეს უქმნის საფრანგეთს და მონაწილეობს ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებში ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.

შეგახსენებთ, 22 მარტის ღამეს რუსეთის დედაქალაქის მახლობლად, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში მდებარე „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ კონცერტზე დასასწრებად მისულ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს. 25 მარტის მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაღუპულია 137 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვებიც.