რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ოქტომბრის ბოლო დღეებში სომხეთს ეწვია. მან ინსპექტირება ჩაუტარა ქ. გიუმრიში დისლოცირებულ 102-ე სამხედრო ბაზას, რომელიც, როგორც ჩანს, არა თუ დაიხურება ფაშინიანის მთავრობის პირობებში, არამედ პირიქით, არსებითი ხასიათის გაძლიერებას მიიღებს.
გიუმრის ბაზის პოტენციალი გაორმაგდება – მინისტრ შოიგუს უპატაკა ბაზის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ნიკოლაი მარტინიუკმა. ეს კი მოხდება გიუმრიში ახალი და მოდერნიზებული შეიარაღებების ჩასვლის შემდეგ. ჩვენთვის, საქართველოში, ინტერესს მოკლებული არ უნდა იყოს, რომელი მარშრუტით შევა ეს შეიარაღება სომხეთში – აზერბაიჯანიდან გამორიცხულია, თურქეთი, როგორც აზერბაიჯანის “უფროსი ძმა”, ნაკლებ სავარაუდოა; რჩება ირანი (გრძელი მარშრუტი) და საქართველო.
შოიგუ თბილად მიიღეს ნიკოლ ფაშინიანმა და სომხეთის თავდაცვის მინისტრმა დავიდ ტონოიანმა.
რუსმა მინისტრმა სომხეთს “მოკავშირე და რუსეთის უმთავრესი მოკავშირე სამხრეთ კავკასიაში” უწოდა. მან გაიხსენა, რომ ორმა სახელმწიფომ ჩამოაყალიბა ჯარების გაერთიანებული დაჯგუფება და ანტისაჰაერო დაცვის სისტემა. შოიგუ კმაყოფილი დარჩა გიუმრის სამხედრო ბაზის ბრძოლისუნარიანობით და განაცხადა, რომ 102-ე ბაზა მზად არის, სომხეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, წინ აღუდგეს უსაფრთხოების არსებულ გამოწვევებს. 2020 წლის მანძილზე სომხეთის და რუსეთის არმიები 60-ზე მეტ ერთობლივ ღონისძიებას განახორციელებენ.
რუსეთი და სომხეთი სამხედრო მოკავშირეები არიან ოდკბ-ში (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია), მაგრამ ეს მოკავშირეობა და, შესაბამისად, გიუმრის რუსული სამხედრო ბაზა არ არის მიმართული დსთ-ის (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა) წევრთა წინააღმდეგ, მათ შორის, არც აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რომელიც ოდკბ-ში არ არის, მაგრამ დსთ-ის წევრია. ამიტომ შოიგუ, სავსებით ლოგიკურად, ერევნიდან ბაქოში გაფრინდა, სადაც ასევე საინტერესო შეხვედრა ჰქონდა უმაღლეს დონეზე, ილჰამ ალიევთან. აზერბაიჯანის დედაქალაქში ჩატარდა დსთ-ის თავდაცვის მინისტრების საბჭოს სხდომა.
ამ ვითარებაში რთული არ უნდა იყოს განსაზღვრა, ვის ემუქრება გიუმრის სამხედრო ბაზა: რუსეთი თანხმობაშია სომხეთთან და აზერბაიჯანთან, თანამშრომლობს ირანთან და თურქეთთან, უკმაყოფილებას რეგიონში კი მხოლოდ საქართველოს მიერ ნატოზე აღებული კურსის გამო გამოთქვამს (და არა საქართველოს მიმართ).
“ნიუსფრონტი”