სახელმწიფო დეპარტამენტი: რაფაში სამხედრო ოპერაცია ისრაელის კიდევ უფრო დიდ იზოლაციას გამოიწვევს

აშშ თვლის, რომ ქალაქ რაფაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის ჩატარება ისრაელის კიდევ უფრო დიდ იზოლაციას გამოიწვევს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ს სურდა შეხვედრის გამართვა ისრაელის წარმომადგენლებთან, რათა წარედგინა მათთვის „უსაფრთხოების სფეროში ლეგიტიმური მიზნების მიღწევის ალტერნატიული გზა – რაფაში „ჰამასის“ ბატალიონების დამარცხება“.

„სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია რაფაში არა მხოლოდ ზიანს აყენებს პალესტინის სამოქალაქო მოსახლეობას, არამედ ზიანს აყენებს ისრაელის ეროვნულ უსაფრთხოებას. ეს ოპერაცია ისრაელს გახდის კიდევ უფრო იზოლირებულს“, – აცხადებს მილერი.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა დასძინა, რომ ისრაელის ინტერესებში შედის რაფაში მოქმედებების დაგეგმვა „საუკეთესო გზით“.