„მე რომ ვყოფილიყავი ოვალურ კაბინეტში, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი 7 ოქტომბერს არ დაიწყებოდა. ამ ომის დაწყების მიზეზი ჯო ბაიდენია“, – ამის შესახებ აშშ-ის ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Israel Hayom-თან ინტერვიუში განაცხადა.
ინტერვიუში ტრამპმა ღაზაში მიმდინარე ომი განიხილა და ისაუბრა, რას გააკეთებდა, როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტი.
ტრამპის თქმით, ის რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო, ომი 7 ოქტომბერს არ დაიწყებოდა.
„ისინი [„ჰამასი“] ამას არასდროს გააკეთებდნენ [მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი], რადგან ეცოდინებოდათ, რომ ამას ძალიან დიდი შედეგები მოჰყვებოდა“, – აღნიშნა ტრამპმა.
დონალდ ტრამპი ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმაში აშშ-ის ამჟამინდელ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ადანაშაულებს.
„ისინი [„ჰამასი“] არ აფასებენ მას. მას არ შეუძლია ორი წინადადების გადაბმა, არ შეუძლია საუბარი. ის ძალიან სულელი ადამიანია. მისი საგარეო პოლიტიკა 50 წლის განმავლობაში საშინელება იყო. თუ დააკვირდებით ადამიანებს, რომლებიც მასთან ერთად ადმინისტრაციებში იყვნენ, ისინი მას სუსტ, არაეფექტურ პრეზიდენტად განიხილავდნენ. „ჰამასი“ არასოდეს დაესხმებოდა თავს ისრაელს, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი”, – განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, ისრაელი მხარდაჭერას კარგავს, ამიტომ ომი უნდა დაასრულოს.
„ჩვენ უნდა მივაღწიოთ მშვიდობას. არ შეიძლება ასე გაგრძელდეს“, – აღნიშნა ტრამპმა.