სომხეთის დღის წესრიგში ამ დროისთვის ნატოში გაწევრიანების საკითხი არ დგას, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა არგენტინის ტელევიზია Todos Noticias-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, გეგმავს თუ არა სომხეთი ნატოსთან დაახლოებას, არარატ მირზოიანმა უპასუხა: „ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ ნატოსთან, მონაწილეობას ვიღებთ სამშვიდობო ოპერაციებში. ვიყავით ავღანეთში, ახლახან გავზარდეთ ჩვენი სამშვიდობოების რაოდენობა კოსოვოში. გვაქვს თანამშრომლობის ფორმატი. თუ კანდიდატობაზე ან ნატოში გაწევრიანების მისწრაფებაზეა საუბარი, არა, ეს საკითხი ამჟამად სომხეთის დღის წესრიგში არ დგას“.
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირთან თანამშრომლობაზე საუბრისას განაცხადა, რომ სომხეთის მოქალაქეებს, სომეხ ხალხს აქვს ევროპული მისწრაფებები. ამ კონტექსტში, მირზოიანმა გაიხსენა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადება ევროპარლამენტში, რომ სომხეთი მზად არის ევროკავშირთან მაქსიმალურად დაახლოებისთვის.