აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ სატელეფონო საუბრისას გააფრთხილა, რომ ვაშინგტონი ვერ შეძლებს, ისრაელს მხარი დაუჭიროს, თუ ის ღაზაში ომის კურსს მკვეთრად არ შეცვლის. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Axios-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროების ინფორმაციით, ბაიდენს არ დაუკონკრეტებია, თუ რას გამოიწვევს შეერთერბული შტატების მხარდაჭერის დაკარგვა. მას ასევე არ უხსენებია ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეჩერების შესაძლებლობა. თუმცა, წყაროების ცნობით, ომის დაწყებიდან ეს იყო ორი ქვეყნის ლიდერს შორის ყველაზე ხისტი საუბარი როგორც ტონით, ისე შინაარსობრივად.
ბაიდენმა განუცხადა ნეთანიაჰუს, რომ საჭიროა ღაზაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერება იმ ინციდენტის გამო, რომელსაც საქველმოქმედო ორგანიზაციის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა. მისივე თქმით, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების განახლება აუცილებელია.