პრაქტიკულად, 9 აპრილი არის რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ქართველი ხალხის ორსაუკუნოვანი ბრძოლის კულმინაცია, – ამის შესახებ პროფესორმა, ფილოსოფოსმა, 1992-1993 წლებში შევარდნაძის მიერ დანიშნულმა “საინფორმაციო ბიუროს” (კაგებეს ბაზაზე შექმნილი ახალი სტრუქტურა) ხელმძღვანელმა, სააკაშვილის პოლიტპატიმარმა და ნინო ბურჯანაძის მოძრაობის – “სახალხო კრების” წევრმა ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
1980-იანი წლების მიწურულის ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა თვალსაჩინო წევრმა 35 წლის წინ ქვეყნაში მიმდინარე მოვლენები გაიხსენა.
მისი თქმით, 1989 წლის 9 აპრილი ქართველი ხალხის უდიდესი ბრძოლა იყო, რომელმაც ქვეყნის ისტორია შეცვალა და დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესი შეუქცევადი გახადა. ბათიაშვილმა აღნიშნა, რომ 1989 წლის 9 აპრილიდან 2 წლის შემდეგ მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ამასთან, ბათიაშვილი კონსტანტინე გამსახურდიას განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ 9 აპრილი საქართველოში მხოლოდ გლოვის დღე არ უნდა იყოს.
„1989 წლის 9 აპრილის დისკრედიტაციაა, როდესაც საუბრობენ, რომ ეს იყო მხოლოდ ტრაგედია. სადაც ქართველის სისხლი დაიღვარა, ყველგან ტრაგედია იყო, მათ შორის დიდგორის ბრძოლის დროს – დაიღვარა ძალიან დიდი სისხლი, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვამბობთ დიდგორის ბრძოლაზე, რომ ტრაგედია იყო?! ანალოგიურად, 9 აპრილი ტრაგედია იყო, დაიღვარა ჩვენი ხალხის სისხლი, მაგრამ 9 აპრილი ამავე დროს იყო უდიდესი მორალურ-პოლიტიკური გამარჯვება, ვინაიდან ამან შეუქცევადი გახადა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება. ეს თარიღი კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რას ნიშნავს ქართველი ადამიანისთვის თავისუფლება. ქართველი ადამიანი რამდენადაც არის ტრადიციული ღირებულებების მატარებელი თავისი შინაგანი არსით, ამდენადვე მისთვის ასეთი უზენაესი ღირებულება არის თავისუფლება. მთელი ჩვენი ისტორია ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის“, – განაცხადა ბათიაშვილმა.
9 აპრილს, ამდენი წლის შემდეგაც, არაფერი იცვლება. “ეროვნული მოღვაწეები”, ნაც-ქოცური მასმედიის მეშვეობით, კვლავინდებურად თავს ახვევენ საზოგადოებას აზრს (შეიძლება, უკვე მოახვიეს კიდეც), რომ 1989 წლის 9 აპრილი [სისხლიანი] ზეიმის დღეა, თურმე ამ დღის გარეშე საქართველო ვერ გახდებოდა დამოუკიდებელი.
სსრკ მოღალატე გორბაჩოვი, რომელმაც ეს ტრაგედია თბილისში დაატრიალა, თავად მუშაობდა სსრკ დაშლაზე, თავის დამქაშ შევარდნაძესთან ერთად. სისხლის კალოები დატრიალდა მთიან ყარაბაღში (ჯერ კიდევ 9 აპრილამდე კარგა ხნით ადრე), შემდეგ უკვე ფერგანაში (1989 წ. მაისი), ბაქოსა (1990 წ.) და ვილნიუსში (1991 წ.)… ყველა ამ მოვლენამ, თავის ერთობლიობაში, მართლაც შეარყია საბჭოთა კავშირი, თუმცა ეს იყო პერიფერიული მოვლენები და ყველა ლოგიკურად მოაზროვნე ისტორიკოსისთვის ცხადია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლაში გადამწყვეტი როლი ეკონომიკურმა პრობლემებმა, გორბაჩოვის მიერ ინიცირებულმა ფსევდორეფორმებმა (მათ შორის, ე. წ. ნოვო-ოგარიოვოს პროცესმა) და, ბორის ელცინის ინიციატივით, რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს მიერ რუსეთის სუვერენიტეტის გამოცხადებამ (1990 წლის ზაფხულში) გამოიწვია.
შიგნიდან გატეხილი ციხე-სიმაგრე – საბჭოთა კავშირი, საბოლოოდ დაემხო 1991 წლის აგვისტოს მოსკოვური პუტჩის შედეგად, უფრო სწორად, ამ პუტჩის წარუმატებლობის შედეგად. იმ მომენტში საქართველოს არაკომუნისტურ ხელისუფლებას დამოუკიდებლობა გამოცხადებული ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ ქაღალდზე – მსოფლიოში არავის ეღიარებინა ეს დამოუკიდებლობა, საქართველოში საბჭოთა არმიის ნაწილები იდგა (თურქეთთან სახმელეთო საზღვრის კონტროლსაც ისინი ახორციელებდნენ), მიმოქცევაში საბჭოთა მანეთი ტრიალებდა და ჯერ კიდევ საბჭოთა კანონები (კონსტიტუციის ჩათვლით) მოქმედებდა.
რაც შეეხება 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის რყევის გარდა, მან უფრო მეტად საქართველოს რყევას შეუწყო ხელი. გავიხსენოთ 1989 წლის ზაფხულის მოვლენები აფხაზეთში (ანუ 9 აპრილის შემდგომი პერიოდია), როდესაც მოხდა დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე, დაიღვარა სისხლი – წაგებულ მდგომარეობაში ქართველები აღმოჩნდნენ, აფხაზები მომძლავრდნენ. იმავე წლის შემოდგომაზე ძალზე უსიამოვნო მოვლენები განვითარდა ცხინვალშიც, როდესაც სამხრეთ ოსეთის ავტონომიურმა ოლქმა მეტი ავტონომია მოითხოვა, თბილისიდან კი ცხინვალს ეროვნული მოძრაობის “დესანტი” ეწვია. ეს დესანტი იძულებული გახდა, ცხინვალიდან უკან გამობუნძურებულიყო, რადგან ოსებმა იქ არ შეუშვეს. მღელვარებების ტალღამ ქვემო ქართლსაც გადაუარა, თუმცა იქ, მადლობა ღმერთს, ყველაფერი შედარებით მშვიდობიანად დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ 1991 წლის თებერვლიდან, სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში სსრკ შინაგანი ჯარი შევიდა. ამ მომენტიდან საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ კონტროლი დაკარგა ცხინვალის, ზნაურისა და ჯავის რაიონებზე. ქალაქი ცხინვალი მას შემდეგ აღარასოდეს ყოფილა საქართველოს კონტროლს ქვეშ. შიდა ქართლის ეს ნაწილი ქართულ და ოსურ ანკლავებად დაიყო.
ასე დაიძაბა ეროვნებათშორისი ურთიერთობები, ერთ დროს მშვიდი საქართველო აიშალა და დაშლის საფრთხის წინაშე დადგა. ეს საფრთხე საბჭოთა კავშირის ლიკვიდაციის შემდეგ – ანუ მსოფლიოს მიერ აღიარებული ჩვენი დამოუკიდებლობის პირობებში, უკვე რეალობად იქცა.
1989 წლის 9 აპრილს, თბილისის მშვიდობიანი მიტინგის ძალისმიერი დაშლისას, ძირითადად დაიღუპნენ ქალები, მათი უმრავლესობა ჭყლეტაში მოჰყვა. ამის გახსენება ძალიან არ მოსწონთ 9 აპრილის სასაკლაოს ეროვნულ ლიდერებს, რომლებსაც ერთი ნაკაწრიც არ აღენიშნათ. ასეთი სირცხვილნარევი ტრაგედიის შედარება დიდგორის ბრძოლასთან იდიოტობა და მკრეხელობაა.
თუმცა ახლანდელი საქართველო ისედაც იდიოტობისა და მკრეხელობის ჭაობში იხრჩობა. თუკი 1989 წლის 9 აპრილს კათოლიკოს-პატრიარქს ყური არ ათხოვეს ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად, მაშინ მის საჯაროდ გალანძღვას მაინც ვერ გაბედავდა ვერავინ. დღეს კი აღარც პატრიარქია ხელშეუხებელი და აღარც ეკლესია მთლიანობაში. “დამოუკიდებელ” საქართველოში მიდის ბრძოლა ელემენტარულ ჭეშმარიტებებზე – ქალს რომ ქალი ერქვას და კაცს კაცი; ამერიკა-ევროპას უნდა დავემონოთ თუ ისევ რუსეთს… აფხაზეთი და შიდა ქართლი კი საუკუნოდ სადღეგრძელოებს ჩაბარდა, ამის იქეთ დღევანდელ ქართველს არც ამაზე ფიქრის თავი აქვს და არც სურვილი.
გულბაათ რცხილაძე