2014 წლიდან 2023 წლამდე 20 ათასით შემცირდა ახალშობილთა რაოდენობა.
2023 წელს შობადობის მაჩვენებელი ბოლო 30 წლის განმავლობაში, ისტორიულ მინიმუმზეა, ასეთი ხანგრძლივი „დამრეცი ღერძი“ შობადობის გრაფიკზე საქართველოში 1994 წლის შემდეგ არ ყოფილა.
საქართველოში შობადობის მაჩვენებელი ბოლო მონაცემებით 2-ზე ნაკლებია, თუმცა ეს არ არის ის მონაცემი, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა, – საქართველოში მნიშვნელოვნად არის შემცირებული შობადობის ზოგადი კოეფიციენტი, რომელიც 16.3 %-დან 11.4%-მდე ჩამოვიდა 2014 წლის შემდეგ. ესაა მონაცემი, რომელიც ითვლის ახალშობილების შეფარდებას მოსახლეობის საერთო რაოდენობასთან.
2014 წლიდან მკვეთრად არის შემცირებული როგორც პირველი, ასევე მეორე შვილის გაჩენის შემთხვევები. 2023 წელს 11 194-ით ნაკლები პირველი და 9 647-ით ნაკლები მეორე შვილი გაჩნდა საქართველოში. პარალელურად, იზრდება იმ წყვილების რაოდენობა, რომლებიც მეოთხე და მეხუთე შვილის გაჩენის გადაწყვეტილებას იღებენ. შემცირებულია ქორწინებების რიცხვიც.
შობადობის შემცირება თვალშისაცემია მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუმცა, არსებობს რეგიონები, სადაც არა მხოლოდ ახალშობილების, მთელი მოსახლეობის რიცხვიც დრამატულად იკლებს. მაგალითად:
- 2015-დან 2023 წლამდე თითქმის 68 000-ით შემცირდა იმერეთში მცხოვრებთა რაოდენობა; ეს უფრო მეტია, ვიდრე მთელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა.
- ბოლო 9 წელიწადში 9 ათასით არის შემცირებული გურიის მოსახლეობა. ეს უფრო მეტია, ვიდრე დაბა ლანჩხუთში მცხოვრები ადამიანების რიცხვი.
- 13 000-ზე მეტით არის შემცირებული 2015 წლის შემდეგ შიდა ქართლის მოსახლეობაც. დაახლოებით ამდენი ადამიანი ცხოვრობს ქალაქ კასპში.
- 32 500-ით ნაკლები ადამიანი ცხოვრობს სამეგრელო-ზემო სვანეთში – ეს სამჯერ მეტია, ვიდრე მთელი მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა.
საქართველოში შობადობის შემცირება იმ ნიშნულამდეა დასული, როცა ქვეყანაში უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება. 2023 წელს ასეთი სურათი იყო ყველა რეგიონში. გამონაკლისი მხოლოდ თბილისი, აჭარა და ქვემო ქართლია.