„ბიბისი“ (BBC) – „რვა ერზე“ იაპონიას საქართველო ჩაანაცვლებს

„ბიბისის“ (BBC) შოტლანდიური გამოცემის ჟურნალისტი ტომ ინგლიში წერს, რომ შემოდგომაზე გასამართ „რვა ერის“ ტურნირზე იაპონიას საქართველო ჩაანაცვლებს.

 

სტატიის მიხედვით, შოტლანდიის ნაკრებისა და „ბორჯღალოსნების“ დაპირისპირება „მარიფილდზე“, 24 ოქტომბერსაა დაგეგმილი და დიდი ალბათობით გაიმართება კიდეც, თუმცა გუნდებს შორის მეორე დაპირისპირებაც შედგება, რომელიც უკვე „რვა ერის“ ფარგლებში ჩატარდება.

ინგლისი, უელსი, ირლანდია და ფიჯი ერთ ჯგუფში არიან განაწილებულნი, ხოლო საქართველოს ტურნირზე ჩართვის შემთხვევაში „ბორჯღალოსნების“ მეტოქეები იტალია, საფრანგეთი და შოტლანდია იქნებიან. ტურნირი 14 ნოემბერს დაიწყება და ხუთ დეკემბერს დასრულდება. ბოლო კვირის მატჩებში თითოეული გუნდი მეორე ჯგუფში მის პოზიციაზე მყოფ ნაკრებს დაუპირისპირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ, შესაძლოა, საქართველოსა და ფიჯის დაპირისპირებაც კი ვიხილოთ.

შეგახსენებთ, რომ იაპონიის რაგბის კავშირმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „საკურები“ „რვა ერის“ გათამაშებაში ვეღარ ჩაერთვებოდნენ. გადაწყვეტილების მიზეზად ადგილობრივ დონეზე კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული გართულებები დასახელდა.

“1 არხი”